LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოდორნაჰესი” ექსპლუატაციაში სექტემბერში გაეშვება

124

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ „ბოდორნაჰესს” ექსპლუატაციაში სექტემბერში გაუშვებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ეკოლოგიურად სუფთა „ბოდორნაჰესის” სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა. ამ ეტაპზე, ელექტრო – მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი მიმდინარეობს.

„ბოდორნაჰესის” შენობაში ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში მსოფლიო ლიდერი ბრენდის, „გუგლერის” მიერ დამზადებული კაპლანის ტიპის ტურბინის სამონტაჟო სამუშაოები უკვე განხორციელდა.

„ჰესი სექტემბერში ექსპლუატაციაში გაეშვება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთვება. „ბოდორნაჰესი” „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სათავო ნაგებობების და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება”, – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, ახალი ჰესი თბილისიდან 55 კილომეტრში მდებარეობს. „ბოდორნაჰესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აშენებს. კომპანია ე.წ „მწვანე“ ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის 10 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.  ჰიდროელექტროსადგურის  დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 15 მლნ.კვტ/სთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები