ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისათვის 28 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 10 მოზარდია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უმრავლეს შემთხვევაში ვირუსი მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს.
კლინიკაში გუშინ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი 18 წლამდე მოზარდია. ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ. ამის შესახებ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის განმარტებით, კლინიკაში მძიმე პაციენტი არ ჰყავთ.
„32 დადასტურებული პაციენტიდან გუშინ 4 გამოჯანმრთელდა, ერთი მოზარდი და სამი ზრდასრული. კლინიკაში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი, მათ შორის 10 მოზარდია. პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია, მათი უმრავლესობა გამოჯანმრთელებას ელოდება. არც ერთი პაციენტი მძიმედ არ მიიჩნევა, ყველას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კვლევაში ჩასართავად კიდევ 4 პაციენტი ელოდება. ახალი პაციენტი არ გვყავს“ – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.