ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის ჩიხშია გაჭედილი. როგორც „კავკასიის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი აცხადებს, ბიზნესს რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა, ეს სიმართლეა და ამას თავისი ლოგიკა გააჩნია. საკითხზე სოსო ბერიკაშვილმა გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
მისი განმარტებით, ქართულმა ბიზნესმა იცის, რა სჭირდება რუსულ ბაზარს, როგორ ელაპარაკოს რუსეთს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
“სხვა ქვეყნებთან ამგვარი ცოდნა ნაკლებია, სახელმწიფოს დახმარება სწორედ ამიტომაა საჭირო,“ – განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო რუსეთის ჩიხშია გაჭედილი, თუმცა, არავინ არაფერს აკეთებს მასზე დამოკიდებულების შესამცირებლად.
„უნდა მოვიძიოთ ახალი პარტნიორები და ეს არ არის მარტივი ამბავი. უნდა ვისარგებლოთ შემთხვევით, რადგან მთლიანად რეგიონში პროცესები დაჩქარდა,” – აღნიშნა „კავკასიის უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორმა „საქმიანი დილის“ ეთერში.