LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესომბუდსმენი “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტს არ ეთანხმება

86

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის იმ ფორმით მიღებას, რა ფორმითაც ის დღეს არსებობს, არ ეთანხმება. გახარიას განმარტებით, ეს კანონმდებლობა ჯერ კიდევ დასამუშავებელია, რადგან მისი მიღებისთვის ქართული ეკონომიკა მზად არ არის.

”ამ კანონმდებლობაზე მუშაობა ახლახანს არ დაწყებულა. ჩვენ წლების განმავლობაში ვაფიქსირებდით, როგორც წერილობით, ასევე საკომიტეტო სხდომებზე, ჩვენს პოზიციას. პოზიციები ნაწილობრივ შეჯერდა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ის მაღალი სტანდარტები, რომლებიც აღებულია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან, საქართველოსთვის შეუსაბამოა. არც ბიზნესი, არც მომხმარებელი და არც ქართული ეკონომიკა ამისთვის მზად არ არის. რა თქმა უნდა, მომხმარებელთა უფლებები დაცული უნდა იყოს. ჩვენ, დღეს არსებულ კანონმდებლობაში, ეს მექანიზმები გვაქვს, რომლებიც გაბნეულია. მათი ერთი კანონის ქვეშ შეკრების იდეა კი ლეგიტიმურია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ასეთი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს, მაგრამ მისი ფორმები დასახვეწია.

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის საკითხზე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.

კანონპროექტის  ავტორი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილია. მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.კანონპროექტის მიხედვით,  მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა შეძენილი პროდუქცია 14 დღეს ვადაში ყოველგავრი საფუძვლის გარეშე უკან დააბრუნოს. კანონპროექტი მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებასაც ითვალისწინებს.

კანონპროექტს ბიზნეს ასოციაცია ეწინააღმდეგება. ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, ახალი რეგულაცია ბიზნესს დამატებით ბარიერებს შეუქმნის და ხარჯებს გაუზრდის, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა, პროდუქტი გააძვიროს.