ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბიზნესმენი მოსამართლემ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში ცნო დამნაშავედ.
ბრალდებული სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. გალიფ ოზთურქი თავს დამნაშავედ არ ცნობს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
გადაწყვეტილებას ტენდენციურად მიიჩნევენ ადვოკატებიც.
ოზთურქის ადვოკატის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან გალიფ ოზთურქის უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ საქმეს მტკიცებულებებითა და მოწმეთა დაკითხვის შედეგად ბრალდებულის უდანაშაულობა იკვეთება.
„აღნიშნული გადაწყვეტილება, ცალმხრივი და ტენდენციურია. დადგენილ ვადებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და ვფიქრობთ, სტრასბურგის სასამართლოსაც მივმართოთ, სრულიად უდანაშაულო ადამიანს 8 წელი მიესაჯა”,- განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.
გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან თურქი ბიზნესმენის ახლობლებიც.
მათი თქმით, გალიფ ოზთურქი ციხეში უკანონოდ იმყოფება.
„დღევანდელი დღით აღშფოთებული ვართ. სასამართლოს ამ განაჩენს არ ველოდებოდით. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არაა სწორი, ამას ადვოკატები გაასაჩივრებენ. არავის უფიქრია იმ თანამშრომლებზე, რომელთა ხელმძღვანელი უკანონო პატიმრობაშია. რა ეშველება ათასობით ადამიანს, რომელიც იქ დასაქმებულია და მათ უკან ოჯახებია“, – განაცხადეს „მეტრო სითის“ თანამშრომლებმა, რომლის მფლობელიც გალიფ ოზთურქია.
საქმის პროკურორის, ლევან მურვანიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია.
როგორც პროკურორი აცხადებს, ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა.
ცნობისთვის, პროკურატურა თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა- მოხმარებას ედავებოდა. ამასთან, გალიფ ოზთურქს წარდგენილი აქვს კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება. ადვოკატ თენგიზ კახიძის თქმით, აღნიშნული ბრალდების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.