მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს სანქცია-საურავები ჩამოეწერებათ და 2020-2021 წლების იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
„გუშინ საკრებულომ ასევე დაამტკიცა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. ამ თემაზე არაერთხელ ვისაუბრე. ამჯერად მინდა მივმართო იმ სუბიექტებს, რომლებიც ხვდებიან აღნიშნულ საშეღავათო პროგრამაში. ესენი არიან ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები, რომელთაც უნდა ჩამოვაწეროთ სანქცია-საურავები და გავათავისუფლოთ 2020-2021 წლების იჯარის გადასახადისგან. სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა, აღნიშნულმა სუბიექტებმა მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და შეძლონ ისარგებლონ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება მიმართვის ვადას, დაინტერესებულმა პირებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართონ პირველ აპრილამდე. დეტალური ინფორმაცია კი ხვალიდან განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე.