ბიზნესმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ორი საკითხი დააყენა, რომელიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უკავშირდება.
როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განმარტა, ერთი მოთხოვნა უკავშირდება, ტურიზმის ინდუსტრიის ფირმებისთვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერას, ხოლო მეორე – საშემოსავლო გადასახადის შეღავათის 6 თვით გაგრძელებას, რომელსაც კომპანიები 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულებზე იღებდნენ.
„დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და მეორე, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ბოლო ნაწილთან დაკავშირებით პრემიერთან ორი კონკრეტული საკითხი დავაყენეთ. 1-ელი დეკემბრისთვის ტურიზმის ინდუსტრიას იმ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება უდგება, რომლის 4 თვით გადავადებაც განხორციელდა. ამ ინდუსტრიას წელს არ უმუშავია და მომავალ თვეებში არაა კარგი პროგნოზი და ამ დაგროვილი გადასახადის ჩამოწერას ვითხოვთ. მეორე საკითხი, საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ბიზნესი თუ დასაქმებულის ხელფასი იყო 1500 ლარამდე. ვადა ამ შეღავათის 1-ელ ნოემბერს იწურება და ჩვენი თხოვნაა, მინიმუმ კიდევ 6 თვის ვადით გაგრძელდეს ეს შეღავათი“, – აღნიშნა ფახაძემ.
მისივე განმარტებით, ბიზნესი მზადაა, რომ ამ შეღავათების მიღების შემთხვევაში დაიცვას და გაუფრთხილდეს თითოეულ სამუშაო ადგილს.