„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ (BAG) მიერ გამოქვეყნებულ ბიზნესის კლიმატის ინდექსის თანახმად, კომპანიების 47% მომდევნო 6 თვეში ლარის გაუფასურებას ელის, 42% მიიჩნევს, რომ გაცვლითი კურსი არ შეიცვლება, 11%-ს კი გამყარების მოლოდინი აქვს.
2021 წლის IV კვარტალში ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ მიზეზებზე საუბრისას, ბიზნესი ხუთ ფაქტორს შორის პირველ ადგილზე სწორედ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას ასახელებს.
„მოცემულ კვარტალში, მსგავსად წინა ორი კვარტლისა, პრობლემათა შორის პირველი ადგილი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობამ დაიკავა. აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 65% ასახელებს ხელის შემშლელად. სექტორების მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვის (85.7%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს. ვაჭრობის სექტორში ეს მაჩვენებელი 71.4%-ია, მომსახურების სექტორში 60%, მრეწველობის სექტორში კი 42.9%“,- აღნიშნულია BAG-ის ანგარიშში.