საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის, 19 ივლისს 13:00 საათზე, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი ასლანიშვილი და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.
როგორც ორ ასოციაციაში აცხადებენ, მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის გზით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას, ხელოვანების მხარდაჭერას და ამ პროცესში ბიზნეს სექტორის აქტიურ ჩართულობას.
მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში დადგინდება საავტორო უფლებების გამოყენების ახალი პირობები და განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რაც გაზრდის ბიზნეს სექტორის მხრიდან საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვაში მონაწილეობას და დაეხმარება არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას.