ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 605,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,2% ქალი, ხოლო 59,8% – კაცია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,0% მსხვილ ბიზნესზე, 22,1% – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,9% – მცირე ბიზნესზე მოდის.
2017 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში შემდეგი დარგები-ლიდერობენ: ვაჭრობა (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი) 25,5%-ით; დამამუშავებელი მრეწველობა – 13,7%; ჯანდაცვის და სოციალური მომსახურება – 10,3%. თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობაზე (10,4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (8,2%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,4%).
საქსტატის ცნობითვე, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 64.9%, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 9.1%, იმერეთი – 6.8%, ქვემო ქართლი – 5.6%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.9%.