LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბირჟა მაფიის“ წევრი, მიშკა მგალობლიშვილი: „ყველამ იცის, რომ ნარკოტიკებისგან ძალიან შორს ვარ…“

860

„ბირჟა მაფიის“ წევრი მიშკა მგალობლიშვილი, სცენური სახელით Young Mic  გიორგი ქებურიასთან ერთად ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯერ დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს. თავიდანვე რეპერები აღნიშნავდნენ, რომ დაკავება იუმორისტული რეპ-დუოს ერთ-ერთ კლიპს „თსლ შავი ზედა“ უკავშირდებოდა, სადაც მათ პოლიცია გააშარჟეს. მძლავრი საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, ბიჭები სასამართლოდან ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, გარკვეული პერიოდი გავიდა და რამდენიმე სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ, ყველა ბრალდება მოუხსნეს.

მიშკა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა და შემოქმედებითი  პაუზაც ჰქონდა აღებული, ახლა კი რეპერების შეჯირებისთვის ემზადება, რომელიც 17 მარტს უნდა გაიმართოს.

ამ პერიოდში მიშკას და მისი ამერიკელი მეუღლის ოჯახიც დაინგრა, სამწუხაროდ. წყვილი აგვისტოდან ცალ-ცალკე ცხოვრობს და პატარა გოგონას ერთობლივი ძალისხმევით ზრდიან.

ბოლო-ბოლო გაირკვა, რატომ დაგიჭირეს და რატომ გამოგიშვეს?

მიშკა მგალობლიშვილი:

(იცინის) იმიტომ, რომ გავაშარჟეთ პოლიცია. მე რას ვამბობ? თვითონ არ თქვეს ასე? აღიარეს. გამომიშვეს იმიტომ, რომ არ შეიძლება, ადამიანი დაიჭირო იმის გამო, რომ გამოთქვა თავისი აზრი, რაც უნდა მცდარი იყოს ის.

ელოდით მოვლენების ასეთ განვითარებას, თუნდაც ერთი პროცენტით?

ზუსტად ერთი პროცენტით ველოდით. ვღადაობდით ამ თემაზე, ახლა რომ დაგვიჭირონ, რა სასაცილო იქნებაო, მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდით. მერე ვფიქრობდით, რომ შესაძლოა, რაღაც ეთქვათ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე გაგვიმეტებდნენ. კლიპის დადებიდან მეორე თუ მესამე დღეს დაგვიჭირეს.

სამსახურში ვიყავი, კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა, მერე „იმედში“ ვიყავი მეგობრების სანახავად. იქ ცოტა დიდხანს გავჩერდი, სახლში უნდა წავსულიყავი წესით, PVP Battle-ის  ფინალისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. ეს ფინალი გადაიდო და ახლა, 17 მარტს ტარდება. ამდენი ხნით იმიტომ გაიწელა, რომ ჩვენი საქმე არ იყო დამთავრებული და ვერიდებოდი გამოსვლას და შიდა სამზარეულოს გამომზეურებას. 18 დეკემბერს რომ დასრულდა ჩვენი საქმე, დაიწყეს თავიდან დაგეგმვა და ახლა მოუწია. „იმედიდან“ რომ გამოვედი, უცებ ტელეფონი გამომართვეს. მერე დაიწყო ის, რაც დაიწყო…

თუ ელოდებოდი ისეთ მხარდაჭერას, როგორიც შენ და გიორგიმ მიიღეთ დაკავების შემდეგ?

ცხოვრებაში ამდენი ხალხის მხარდაჭერას და მეტსაც ველოდებოდი, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ამ სიტუაციაში მოხდებოდა და ასეთი გადამწყვეტი აღმოჩნდებოდა. ყველა არტისტის სურვილია, ბევრი ხალხი დაუდგეს გვერდში. შეიძლება, უბრალოდ, იჯდე სახლში, ჩაწერო კარგი სიმღერა და ამდენმა ხალხმა გიგულშემატკივროს, ან არა, მაგრამ ამით არაფერი დაკარგო. ასეთი მხარდაჭერის გარეშე ყველაფერი შეიძლება, სხვანაირად ყოფილიყო. ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა ერთბაშად და საღმა აზრმა გაიმარჯვა.

თქვენი საქმე დასრულდა ყველა ბრალდების მოხსნით…

დიახ. თავისუფლები ვართ. ვიცოდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო დასასრული, უბრალოდ, არ ვიცოდით, რომ ეს პროცესების გარეშე მოხდებოდა. უნდა ყოფილიყო სასამართლო პროცესები, რომლებიც რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს გადაწყდა, რომ სასამართლო პროცესის გარეშე გაგვამართლებდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ვემზადებოდი სასამართლოზე წარსადგომად და ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. ეს პერიოდი საკმაოდ სტრესული გამოდგა ჩემთვის. ბევრმა არ იცის ამის შესახებ და ჰგონიათ, რომ უბრალოდ, ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი. რეალურად თავისუფლები არ ვიყავით, გირაოთი ვიყავით გამოშვებულები, ვიღაცას კი ის „უტყდებოდა“, სად არის ფინალი, ახალი სიმღერა რატომ არ დადო და პოლიციას რატომ არ უპასუხაო…

ამ ამბავმა გაგტეხა?

უფრო გამაძლიერა. დავრწმუნდი, რომ არაფერი შემშლია, როცა საქმიანობა ავირჩიე. არც ჩვენი სიმღერა არ იყო შეცდომა და ლაფსუსი. ასეთი სკანდალური რაღაცები თუ არ გააკეთე და ერთი და იგივე ღეჭე, მაშინ რა აზრი აქვს შენი, როგორც შემოქმედის მოღვაწეობას?!.

ნარკოტიკებთან რა დამოკიდებულება გაქვს?

ჩემ ირგვლივ ვინც ტრიალებს, ყველამ იცის, რომ ნარკოტიკებისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ მოხმარების გამო ადამიანი უნდა დაიჭირო. ალბათ, უნდა უმკურნალო, ყველაზე ცუდ ვარიანტში, იძულებით, ამისთვის უნდა აშენდეს შესაბამისი დაწესებულებები და მათზე ვიღაცამ უნდა იზრუნოს.

„ბირჟა მაფიის“ პროექტი გრძელდება?

კი, გავაკეთეთ ახალი სიმღერა სოციალურ პრობლემებზე. ამას წინათ წავიკითხე, რომ შსს-მ ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილება შექმნა. ვფიქრობ, ნაწილობრივ მიღწეულია ის, რაც „ბირჟა მაფიას“ უნდოდა. ჩვენი მიზანია, ნაკლოვანებებს ხაზი გავუსვათ და მივუთითოთ შეცდომებზე. ჩვენ ვაკრიტკებთ როგორც პოლიციას, ისევე ქუჩის ბიჭებს. ჩვენი მთავარი პერსონაჟები მაინც „ძველი ბიჭები“ არიან, ეს თემა დიდი ხნის განმავლობაში ტაბუირებული იყო… თუმცა ქუჩის ბიჭებისგან სიმპათიის გარდა არაფერი მიგვიღია. იმის თქმაც მინდა, რომ ბევრი პოლიციელი მოსულა ჩემთან, ამ პერიოდში და უთქვამთ, თქვენთან ვართ, გვესმის, რასაც აკეთებთ და ვიცით, რომ ეს ყველა პოლიციელს კი არა, კორუმპირებულ პოლიციელებს ეხებაო.

იმუშავებდი პოლიციაში?

მე არა, რადგან სცენას არაფერზე გავცვლიდი, მაგრამ ჯარში მიმსახურია. სხვათა შორის, ეს პერიოდი ცუდად არ მახსენდება. თავიდან პროტესტი მქონდა, არ მინდოდა ჯარში, მიმაჩნდა, რომ რასაც ვაკეთებდი, იმითაც ქვეყნის სამსახურში ვიყავი, მაგრამ ჯარი დიდი სკოლა აღმოჩნდა და ბევრ რაღაცას სხვა კუთხით შევხედე, ისეთი გამოცდილება მივიღე, რასაც სხვაგვარად ვერ მივიღებდი.

გირაოთი გათავისუფლების შემდეგ ამბობდნენ, ბერას ძმაკაცები არიან და იმიტომ გამოუშვესო…

ბერამ ჩვენი მხარდასაჭერი პოსტი დაწერა, მე და გიორგი ბერას ვიცნობთ, ერთ სფეროში ვტრიალებთ, სხვადასხვა სიტუაციაში შევხვედრივარ ბერას. მისმა განცხადებამაც დიდი როლი ითამაშა ალბათ და მადლობის მეტი რა მეთქმის. პირადად მას შემდეგ არ მინახავს, მაგრამ გადავიკვეთებით ალბათ რაღაც მომენტში. ძმაკაცები არ ვართ, ძალიან იშვიათად ვხედავ, მაგრამ ვმეგობრობთ…

ახლა რითი ხარ დაკავებული?

შეჯიბრებისთვის ვემზადები. პარალელურად, ერთ-ერთი საიტისთვის დავიწყეთ იუმორისტული რუბრიკა, მუსიკის ფონზე კომიკური პერსონაჟები ერთმანეთს ეპაექრებიან, ორივე პერსონაჟს მე ვასახიერებ. შეჯიბრების ფინალის შემდეგ მინდა, რამდენიმე უკვე წამოწყებული პროექტი მივიყვანო ბოლომდე. ახლა ფინალზე მაქვს მაქსიმალური კონცენტრაცია…

ქართულ ჰიპ-ჰოპში რამდენიმე ძალიან საინტერესო არტისტია და ეს მუსიკალური მიმდინარეობა თანდათან ძალებს იკრებს საქართველოში, მაგრამ ხომ არ ფიქრობ, რომ მაინც ანდერგრაუნდად რჩება?

ვერ დაგეთანხმები, რადგან მგონია, რომ ეს არის უფრო მეინსტრიმი. განსაკუთრებით გასული წლის მოვლენების შემდეგ ვფიქრობ, რომ ყველაფერი რეპის გარშემო ტრიალებს. ინტერნეტთან შედარებით, ტელევიზიებმაც დაკარგა აქტუალობა. უბრალოდ, ჩვენთან რაღაცები დაულაგებელია და ინდუსტრია არ არსებობს. ენთუზიაზმით რაღაცები ნოლიდან აგყავს, მაგრამ შემდეგ კუსტარულად კეთდება ბევრი რამ, ამას ზოგადად ვამბობ. ჩემს ბავშვობაში, როცა დავინტერესდი ამ სფეროთი, შოუბიზნესს სახე ჰქონდა და გაცილებით უფრო აწყობილი იყო, ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანდა. ახლა კი აბსოლუტურად უსახურია. ერთადერთი, რაც იკვეთება და გვერდიდანაც ასე ჩანს და შიგნიდანაც, არის ქართული ჰიპ-ჰოპის აქტიურობა.

კონკურენტად ვის მიიჩნევ?

არიან ადამიანები, რომლებიც კონკურენტებად მიმაჩნია, მაგრამ არა მტრებად. ჩვენთან რატომღაც ასე ჰგონიათ, რომ კონკურენტი მტერია. ჯანსაღ კრიტიკასაც მივესალმები. მიხარია, როცა ჩემი კოლეგები რაღაც საინტერესოს აკეთებენ და მე მიჩენენ სურვილს, რომ დავუმტკიცო, მეც შემიძლია, უკეთესად თუ არა, არანაკლებად. თუნდაც გიორგი ქებურია როცა აკეთებს ახალს, ვცდილობ, შევეჯიბრო და თვითონაც ასეა. აღმოჩენაა ნიკო, რომელიც ინგლისურად რეპავს და ქართველის ინგლისური რეპი ასე არ მომწონებია. ამან მიბიძგა, რომ ისევ მივუბრუნდე ინგლისურად გარეპვას, რასაც ადრე ვაკეთებდი. ინგლისურად გარეპვა უფრო მიყვარს, რადგან მგონია, უფრო ნაღდია.

რაც გამოიარე, მას შემდეგ, სიფრთხილეს თუ შეიძენ?

რა თქმა უნდა, ამ ამბის შემდეგ გავიზარდე. გაცილებით ფრთხილიც გავხდი, ამაზე ჩემი პაუზაც მეტყველებს, რაც ავიღე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ძალიან მინდოდა რაღაც თემებზე საჯაროდ საუბარი. მანამდეც არ „მიქროდა“ ძალიან, მაგრამ მგონია, რომ დავჭკვიანდი. ჭკუა კი არ ვისწავლე, ახლა უფრო გამოწრთობილი ვარ (იღიმის).

შენი მეუღლემ როგორ გადაიტანა ეს ყველაფერი?

ამერიკელი ცოლი მყავდა, რომელსაც დავშორდი. ასე გადავწყვიტეთ. აგვისტოდან ერთად აღარ ვცხოვრობთ, ერთმანეთს ვეღარ გავუგეთ. საპროტესტო აქციების დროს ჩემი ყოფილი მეუღლე ძალიან დამიდგა გვერდში, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გარედან ჩანს ხოლმე. მერე შევთანხმდით, რომ ცალკე გადავიდოდა, ბავშვს, 3 წლის გოგო გვყავს, ერთად ვზრდით.

არის ვინმე შენს ცხოვრებაში?

კონკრეტული არავინ (იღიმის). ჩემი გული ეკუთვნის ჩემს შვილს და ჩემს საქმიანობას.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები