საქართველოს პროკურატურამ პროექტ „ბირჟა მაფიას“ წევრების გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილის მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2017 წლის 7 ივნისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ და ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რაც 2017 წლის 12 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შეეცვალათ გირაოთი.
2017 წლის 11 ივნისს ბრალდების საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს პროკურატურას, საქმეზე არსებობდა ბრალის წარდგენისთვის დადგენილი სტანდარტი, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, საკმარისი იქნებოდა კანონმდებლობით განაჩენისთვის დადგენილი სტანდარტისთვის, რის გამოც ბრალდებულების მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.
პარალელურად საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნული პირების მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369′ მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას,“ – ნათქვამია განცხადებაში.