მილიარდერი ბილ გეითსის მეუღლე, მელინდა გეითსი განქორწინების შემდეგ შესაძლოა მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრესი ქალი გახდეს. წყვილის ქონება ამ ეტაპზე 146 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული, მელინდა კი ქონების ნახევარს, 73 მლრდ აშშ დოლარს ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ქონება გეითსებს შორის თანაბრად გაიყოფა, ცნობილი ქველმოქმედი მელინდა გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ქალების სიაში მეორე ადგილს დაიკავებს 67 წლის ფრანსუაზა ბეტანკურ–მეიერსის შემდეგ, რომელიც „ლ’ორეალის“ დამაარსებლის შვილიშვილი და კომპანიის ამჟამინდელი მფლობელია. მისი ქონება 83 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.
ბილ და მელინდა გეითსები 1994 წელს დაქორწინდნენ ისე, რომ საქორწინო კონტრაქტი არ გაუფორმებიათ. ვაშინგტონის შტატის კანონმდებლობის მიხედვით კი, ასეთ შემთხვევაში განქორწინებისას წყვილმა ყველა სახის ქონება თანაბრად უნდა გაიყოს. ბილმა და მელინდამ განქორწინებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს,რის შემდეგაც მედიაში გაჩნდა ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ მელინდა გეითსს ქმართან განქორწინება ჯერ კიდევ 2019 წელს სურდა და ამ თემაზე ადვოკატებთან კონსულტაციებიც გაიარა.
ბილ და მელინდა გეიტსებს სამი შვილი ჰყავთ. წყვილი გეიტსების ფონდს ხელმძღვანელობს, რასაც მათივე განცხადებით, განქორწინების შემდეგაც გააგრძელებენ.