„ზვიადის სავარძელში ჩაგვისვეს КГБ-ის თანამშრომელი“- ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა. რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლები რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ბუღაძის თქმით, რუსეთი ცდილობდა, რომ ქართველები დაემცირებინა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილიც ქართველების დამცირებას ცდილობს. მისი შეფასებით, ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, რადგან არ შეუძლია, რომ ხელისუფლება დათმოს.
„რა ვერ გათვალა ბიძინამ და მისმა დამქაშებმა, მისმა უფროსებმა ჩრდილოეთში. მათ იფიქრეს, რომ იგივე სქემაა ქართული მოდელი, ეს არის მიჩვეული განცხრომით ცხოვრებას, შეუქმნის სასათბურე, მაგრამ მახინჯ, დამჩაგვრელ მდგომარეობას და ის ამას გაჰყვება. გამოუშვა ამდენი აგენტურა ე.წ. ტურისტების სახით, ტკბილი გადაცემები საქართველოზე და იფიქრა, რომ ჩვენ ამით მოგვთაფლა, მაგრამ ნურას უკაცრავად! აღმოჩნდა, რომ ქართველები მასე არ ფიქრობენ. მათ მთავარი გამოეპარათ, რომ ქართველი მომავალზე ორიენტირებული ადამიანია, იმიტომ, რომ მხოლოდ მაშინ არის სახელმწიფო სახელმწიფო, რომელიც გეგმავს მომავალს,“ – განაცხადა გია ბუღაძემ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, ირაკლი ნადირაძე, „ევროპული საქართველოს” ლიდერები გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები.
ისინი ორ მთავარ მოთხოვნას აყენებენ – გათავისუფლდნენ 20 მაისის აქციაზე დაკავებული აქციის მონაწილეები და გადადგეს გიორგი გახარია. ამ ორი მოთხოვნის შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა დღის ბოლომდე აქვთ.