LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, რომ მას აღარ აინტერესებს ადამიანების პატივისცემა” – გია ხუხაშვილი

69

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ექსპერტები, პოლიტოლოგები, მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმიანებიან. ოპოზიცია ივანიშვილის ინტერვიუს “მედიაზე ღია თავდასხმად” აფასებს.

რაც შეეხება პოლიტოლოგებს, გია ხუხაშვილმა “ფორტუნასთან” ინტერვიუში ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე აღნიშნა, რომ მისი ზოგადი განწყობა საკმაოდ მძიმეა.

„ჩემი აზრით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ზოგადი განწყობა და არა კონკრეტიკა. ზოგადი განწყობა სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე დამრჩა, მე პირადად. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, რომ მას აღარ აინტერესებს ადამიანების პატივისცემა, ანუ ის უარს აცხადებს ლიდერის ფუნქციაზე, რომელსაც რაღაცის შეცვლა შეუძლია და უნდა. ფაქტობრივად, ის გადასულია სისტემის შენარჩუნებაზე, მის ადვოკატირებაზე, დაწყებული იმით, კვადრატული მეტრის მშენებლობა რა ჯდება და დამთავრებული სხვადასხვა ფაქტით. ის არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი რიგითი ადვოკატი. მან აბსოლუტურად დაიკნინა თავი და არანაირი პოზიტიური გზავნილი, სახელმწიფოებრივი პრობლემა არ გაუშუქებია, არ შეხებია სახელმწიფოებრივ პრობლემებს. ისაუბრა “რუსთავი 2”-ზე და ამით, ჩემი აზრით, უფასო საათნახევრიანი რეკლამა გაუწია ამ ტელევიზიას და ესაუბრა თავის თანაგუნდელებს, რომ არ გაბედოთ სადმე წასვლა, თორემ ხომ მაინც ჩემთან იქნებითო?! აგერ მე კვადრატულ მეტრს როგორც მინდა, ისე დავთვლი, თუ ჩემთან არ იქნებით, ამ შემთხვევაში გექნებათ პრობლემებიო. ანუ, რისი თქმა მინდა, სისტემის შენარჩუნება არის მისი მთავარი ამოცანა და არა სახელმწიფოებრივი განვითარება,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბრისას გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, გამოიკვეთა თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი გზავნილები ამ ინტერვიუდან, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მხრიდან მოსახლეობის მიმართ არავითარ გზავნილზე საუბარი არ არის.

„რა არის ქვეყანაში დღეს მთავარი პრობლემები და რა აწუხებთ ადამიანებს? ეს არის უმუშევრობა, სოციალური პრობლემატიკა, ტერიტორიული პრობლემები და ზოგადად, ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკაზე მან ცოტა ისაუბრა, საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ამასთან დაკავშირებით. სხვა პრობლემებზე ივანიშვილს არ უსაუბრია. მოსახლეობისთვის არ დაუნახებია, რა იქნება ხვალ. ის საუბრობდა წარსულზე და “რუსთავი 2″-ზე”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-თან, „ტვ პირველთან“ და ტელეკომპანია „იმედთან“ ერთობლივი ინტერვიუს ფორმატში შეხვედრა გამართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები