LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭუნა და სუპერგმირი ექთანი – ჰოსპიტალში ბენქსის ახალი ნამუშევარი გამოჩნდა

324
2dfeda023815228da4efd5c11aa756a3

ცნობილი ანონიმი მხატვრის, ბენქსის ახალი ნამუშევარი საუთჰემპტონის მთავარი ჰოსპიტალის ფოიეში აღმოაჩინეს.

უმეტესწილად მონოქრომული ნახატი, რომლის ფართობიც  ერთი კვადრატული მეტრია, ჰოსპიტალის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ფოიეში გამოჩნდა. სურათზე ასახულია ბიჭუნა, რომელიც თავისი საყვარელი სათამაშო ფიგურით ერთობა. ნახატზე ჩანს, რომ თავისი საყვარელი სუპერგმირების- ბეტმენის და ადამიანი-ობობას ფიგურები ბიჭუნამ ნაგვის ურნაში ჩაყარა, რადგან ახალი ფავორიტი სუპერგმირი ჰყავს – ექთანი.

ექთანს ერთი ხელი სუპერმენის  სტილში  აქვს აწეული, მას გმირებისათვის დამახასიათებელი მოსასხამი აცვია და პირბადე უკეთია. გარდა ამისა, ახალ სუპერგმირს  გულზე დაბნეული აქვს წითელი ჯვრის ემბლემა, რაც სურათზე გამოსახულ ერთადერთ ფერად დეტალს წარმოადგენს.

მხატვარმა ჰოსპიტალის თანამშრომლებს  წერილიც დაუტოვა: „გმადლობთ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ.  იმედს ვიტოვებ, რომ ამ მძიმე დღეებს  ეს ფოტო ცოტა მაინც გაგიფერადებთ, მიუხედავად იმისა, რომ ის შავთეთრია.“

ნახატი ჰოსპიტალში შემოდგომამდე დარჩება, შემდეგ კი აუქციონზე გაიყიდება. გაყიდვით მიღებული შემოსავალი  ადგილობრივ მედპერსონალს მოხმარდება.

ჰოსპიტალის გენერალური დირექტორის, პაულა ჰედის განცხადებით, ძალიან დიდი პატივია, რომ ბენქსიმ არაერთ ჰოსპიტალს შორის სწორედ ეს კლინიკა გამოარჩია და მათ თავისი ნამუშევარი აჩუქა. „ასეთ მძიმე დღეებში ეს უდიდესი თანადგომაა, ეს ტრაგედია ჩვენ პირადად შეგვეხო, არაერთი საყვარელი და პატივსაცემი თანამშრომელი და მეგობარი  დავკარგეთ ამ მძიმე  ბრძოლაში. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ჩვენგანი პოულობს დროს იმისათვის, რომ ხელოვნების ამ შესანიშნავი ნიმუშით დატკბეს. ეს ნახატი ჩვენთვის უდიდესი მორალური მხარდაჭერაა.“ -ამბობს ჰედი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები