თბილისის ზოოპარკში სპილო „გრანდის“ ოპერაციაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს „ბიბისი ორის“ ეთერში მსოფლიო მასშტაბით 6 ივნისს აჩვენებენ. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.
პრემიერამდე „ბიბისიმ“ ფილმის ფრაგმენტი გაავრცელა.
„ახლა მთავარი სადარდებელია, არის თუ არა ის საკმარისად ძლიერი, რომ კვლავ ფეხზე დადგეს. ყველა იმედით ელოდება. „გრანდი“ გარეული ცხოველია და მისთვისაც კი ეს ამოცანა საფრთხეებთან არის დაკავშირებული“, – ამბობს ფილმის ავტორი გავრცელებულ ფრაგმენტში.
თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო „გრანდს“ ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია 31 ოქტომბერს ჩაუტარდა. ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი ჩამოვიდნენ.
ოპერაციის პროცესი ტელეკომპანია „ბიბისის“ ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) მოხვდა და შემოქმედებითმა ჯგუფმა გრანდის ისტორიას ერთი სრული ეპიზოდი დაუთმო.
თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, აზიური მამრი სპილო „გრანდი“ ერევნის ზოოპარკიდან 2014 წელს უკვე მოტეხილი ეშვებით ჩამოვიდა. მათი თქმით, ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დროთა განმავლობაში მის დაღუპვას გამოიწვევდა, ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა.
პირველი ოპერაცია „გრანდს“ 2014 წელს ჩაუტარდა. ოპერაცია გართულდა და ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსული სპილოს წამოყენება მრავალსაათიანი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.
„ბიბისის“ სერიალში სპილოს მეორე ოპერაციაა ასახული.