LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრმა მიგრანტმა კაფე-რესტორნები გახსნა… ასეთ ობიექტებში ე.წ. შავი ფული ტრიალებს“ – გურამ ბაღდოშვილი

173
ბაღდოშვილი

„საქართველოში ომის დაწყების შემდეგ ჩამოსულმა ბევრმა მიგრანტმა კაფე-რესტორნები გახსნა, მათი დიდი ნაწილი კი ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის“, – ამის შესახებ რესტორნების „ჩვენი“ და „ოვალის“ დამფუძნებელმა გურამ ბაღდოშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ მსგავსი ობიექტების მომრავლებაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივ კაფე-რესტორნებს მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ვიზიტორები შეუმცირდათ.

ბაღდოშვილის აზრით, აუცილებელია, სახელმწიფო ორგანოებმა მსგავსი ობიექტების კონტროლი და მონიტორინგი გაამკაცრონ.

“თბილისსა და აჭარაში ყოველდღე იხსნება საქართველოში ჩამოსული მიგრანტების, სლავების კომპანიები, კაფე-რესტორნები. ადგილობრივ ბიზნესს კი მომხმარებლები ძალიან შეგვიმცირდა, რადგან აქ ჩამოსული მიგრანტები უკვე ერთმანეთის ობიექტებში დადიან, რუსები – რუსებთან, ბელარუსები – ბელარუსებთან, ხოლო უკრაინელები უკრაინელებთან. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ასეთი კვების ობიექტი არაა ინსპექტირებული არც სურსათის უვნებლობის მიმართულებით და არც გადასახადებს იხდიან. ასეთ ობიექტებში ე.წ. შავი ფული ტრიალებს. მე რომ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ვიყო, აუცილებლად გავაძლიერებდი მონიტორინგს და ამ საკითხს მივხედავდი. არასამართლიანია, როდესაც ჩვენ გადასახადებს ვიხდით, ხოლო ისინი მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ“, – განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს.