LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრგან ვაგზავნიდი ჩემს რეზიუმეს, ბევრი უარიც მივიღე“ – რით მოახდინა მარკ ცუკერბერგის გუნდზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მარიამ შარანგიამ და როგორ აქცია მან ბევრი უარი წარმატებად

91
mariam-sharangia_w_h

Meta-ს გუნდს კიდევ ერთი ქართველი შეუერთდა. მარიამ შარანგია Meta-ს ლონდონის ოფისის, პროდუქტის მონაცემთა ოპერაციების გუნდის წევრი გახდა. მან პროექტის მენეჯერის პოზიცია დაიკავა.

საკუთარი წარმატების შესახებ მარიამი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

– მარიამ, როგორც ვიცი, აქამდე მისასვლელ გზაზე, ბევრი უარი შეგხვდათ. როგორ შეინარჩუნეთ მოტივაცია?

მარიამ შარანგია: გაგვიჭირდება, ვიპოვოთ ადამიანი, ვინც დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობს ან საკუთარი ბიზნესი და სტარტაპი აქვს და „უარების გზა“ არ გაუვლია. ბევრი კომპანიისგან მიიღებ უარს, ბევრ ინვესტორი არ ირწმუნებს შენს იდეას, ეს გარდაუვალია. საწყის ეტაპზე ამის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველა უარი, უბრალოდ, პროცესის ნაწილად უნდა აღვიქვათ. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ეს მოტივაციაზე არ მოქმედებდა. იყო დღეები, როცა უარს ვნახავდი, მერე ფოსტას აღარც ვხსნიდი. ეს ნამდვილად გიქვეითებს მოტივაციას, მაგრამ პარალელურად, ვისმენდი წარმატებული ადამიანების ისტორიებს და კიდევ ერთხელ ვახსენებდი საკუთარ თავს, რომ უარი პროცესის ნაწილია და მე აუცილებლად ვიპოვიდი კომპანიას, რომელიც ჩემში ღირებულებას დაინახავდა. მთავარია, არ დანებდე. ძალიან ტრივიალურად ჟღერს, მაგრამ ხშირად მაშინ ვნებდებდით, როცა მიზანთან ყველაზე ახლოს ვართ. ამიტომ არასდროს გავჩერდეთ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ.

– ასე მოხდა თქვენს შემთხვევაშიც?

– კი. განსაკუთრებით რამდენიმე დღე მახსენდება, როცა ძალიან ბევრი უარი მივიღე. ბევრგან ვაგზავნიდი ჩემს რეზიუმეს, ცხადია, გარკვეული ცვლილებები შემქონდა. მახსოვს, რომ იმ დღესაც ბევრი უარი მივიღე და ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. მოტივაცია სრულად დავკარგე. ამ დროს გამახსენდა ჩემი თავი, რომელსაც ძალიან უნდოდა „ფეისბუქში“, ახლა უკვე „მეტაში“, დაეწყო მუშაობა. ავდექი და ამ კომპანიაში, კონკრეტულად ერთ ვაკანსიაზე გავაგზავნე ჩემი სივი. საბოლოოდ, ეს აღმოჩნდა პოზიცია, რომელზედაც მუშაობა დავიწყე. დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ნეტავ რა იქნებოდა, იმ დღეს რომ ასე არ მოვქცეულიყავი? შესაძლოა, დღესაც ძიების პროცესში ვყოფილიყავი. საინტერესოა ისიც, რომ „მეტაში“ მუშაობის დაწყების შემდეგაც არაერთი უარი მომივიდა მანამდე გაგზავნილ აპლიკაციებზე. მას შემდეგ, რაც შენს მიზანს მიაღწევ, კარგად ხვდები, როგორ კარგავს შენთვის აზრს ის ასეულობით უარი. ამ საკითხს უკვე რაციონალურად უყურებ, ყოველგვარი ემოციების გარეშე. ამიტომაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კომპანიებისგან ნათქვამი უარი პიროვნულად არ უნდა მივიღოთ, მხოლოდ პროცესის შემადგენელ ნაწილად აღვიქვათ. თუმცა, უარის შემდეგ მხოლოდ კიდევ ერთხელ და ათჯერ ცდა არ არის საკმარისი. კი, ეს ერთი ნაწილია, მაგრამ მეორე ნაწილიც არსებობს. უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება. იმის გააზრება, თუ რატომ გითხრეს უარი. ასევე, აუცილებელია საკუთარი რეზიუმეს უკეთ მორგება კონკრეტულ განაცხადზე, გარკვეული უნარ-ჩვევების განვითარება სხვადასხვა კურსებით, ანუ, ამ პროცესში ადეკვატური და კრიტიკული უნდა იყო საკუთარი თავის მიმართ, გაიზარდო, განვითარდე და ეს აუცილებლად მიგიყვანს მიზნამდე.

– „მეტაში“ რა პოზიცია დაიკავეთ და პრაქტიკული თვალსაზრისით, რა ეტაპები გაიარეთ ამისთვის?

– პროექტმენეჯერის პოზიცია დავიკავე. „მეტა“ რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ჩემს კომპეტენციაში შევა „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“. პირველი ნაბიჯი იყო „ლინქდინის“ სწორად გამოყენება, რაც კარიერული განვითარების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან კარგი პლატფორმაა შენთვის საინტერესო ვაკანსიების მოსაპოვებლად. აქ ვნახე კონკრეტული ვაკანსია, რომელსაც ზუსტად შეესაბამებოდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება, გავაგზავნე სივი და ძალიან მალე დამიკავშირდა კომპანიის ეიჩარი. დაინიშნა ზარი-გასაუბრება. საკმაოდ მოკლე 15-30 წუთიანი ზარია, ჩემი 15 წუთი გაგრძელდა და გულწრფელად გეტყვით, საკმაოდ რთულია დროის ამ მოკლე მონაკვეთში მოახერხო ეიჩარის დარწმუნება იმაში, რომ შესაბამისი კადრი ხარ. ეს არის ზოგადი ინტერვიუ შენ შესახებ და თუ ის წარმატებით გადალახე, გადადიხარ, შემდეგ ერთსაათიან ინტერვიუზე, რომელიც უშუალოდ „მეტას“ წარმომადგენელთან გაქვს. ეს არის დეტალური საუბარი გამოცდილების, მოტივაციის შესახებ და ასევე, ამავე ინტერვიუს პროცესში, ხდება შენი უნარების შემოწმება გარკვეული დავალებების საშუალებით. შემდეგ მოდის სამი სხვადასხვა ინტერვიუ, რომელიც ტექნიკურ ნაწილს ეხება. საინტერესოა ისიც, რომ არ არის აუცილებელი მხოლოდ წარმატებაზე კონცენტირირება. ვიტყოდი, რომ უფრო მეტადაც კი აინტერესებთ შენი წარუმატებლობის მაგალითები, რადგან ამით აფასებენ, რამდენად კრიტიკულად შეგიძლია განიხილო საკუთარი შეცდომები და შეცდომების შემდეგ შეგიძლია თუ არა გაზრდა. დიდი მნიშვნელობა აქვს გულწრფელობას – შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორების გზების ძიება მათზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს.

– ლონდონი არ არის თქვენთვის უცხო. როგორც ვიცი, უნივერსიტეტშიც იქ სწავლობდით, არა?

– დიახ. მე ვსწავლობდი UCL-ში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია. ფაკულტეტი – ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი. საკმაოდ პატარა ასაკიდან მინდოდა ამ უნივერსიტეტში ჩაბარება. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორი არჩევანი მქონდა: პირველი – წავსულიყავი სხვა უნივერსიტეტში დაფინანსებით და მეორე – ამ უნივერსიტეტში გარკვეული კვალიფიკაცია მჭირდებოდა და ამიტომ, უნდა მესწავლა მოსამზადებელ კურსზე, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც, შევძლებდი ამ უნივერსიტეტში სწავლას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა უფრო რთული ჩანდა, მჯეროდა, რომ ეს უნივერსიტეტი ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი იქნებოდა. კარგად მქონდა შესწავლილი კურსი, რომელზედაც ვაპირებდი ჩაბარებას, წარმოდგენა მქონდა იქაური პროფესორებისა და პროგრამის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა უნივერსიტეტში დაფინანსებაც მექნებოდა, ეს, ანუ, გაცილებით რთული გზა ავირჩიე. გავიარე მოსამზადებელი კურსი, რომელიც წარმატებით დავასრულე და ამ უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა. ეს, ჩემი მხრიდან, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ძალიან ბევრი მომცა ამ კურსმა, თეორიული თუ პრაქტიკული თვალსაზრისით. შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში“ ვმუშაობდი. იქ ძალიან ღირებული გამოცდილება მივიღე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ დამატებითი ცოდნა და გამოცდილება მჭირდებოდა და მაგისტრატურის საფეხურზე დავიწყე სწავლა. ავიღე ფულბრაიტის დაფინანსება, რომელიც ძალიან მაგარი შესაძლებლობაა თითოეული ქართველისთვის. ის საშუალებას გაძლევს, ისწავლო სრულიად უფასოდ, ყოველგვარი ხარჯის გარეშე, აქ იგულისხმება, როგორც უნივერსიტეტის, ისე საყოფაცხოვრებო ხარჯები. მიდიხარ ამერიკაში, უნივერსიტეტში, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება შენს მოთხოვნებს და იღებ ძალიან კარგ განათლებას. მე ვსწავლობდი როჩესტერის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. იქ ყოფნის დროს შესაძლებლობა მქონდა, სწავლის პარალელურად, მემუშავა და ჩემს სფეროში მიმეღო გამოცდილება.

– როგორია ოჯახის როლი ამ გზაზე და აქვე მინდა, გკითხოთ უფროსი დის – თათია შარანგიას როლზეც, რომელსაც ვიცნობთ, როგორც პიანისტრს და ბოლო წლებში, უკვე, როგორც ტელეწამყვანს.

– ყოველთვის ვამბობ, რომ ოჯახი ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის და ყველაფრის საწყისია. ჩემი ოჯახის წევრები მაძლევენ ყველაფრის სტიმულსა და მოტივაციას. განსაკუთრებით გამოვყოფ დედას, რომლისგანაც ყოველთვის უპირობო მხარდაჭერა მაქვს და ეს ჩემთვის მამოძრავებელი ძალაა. რაც შეეხება ჩემს დას – თათიას, მას ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ შორის სხვაობა ხუთი წელია. მასთან ურთიერთობაში მქონდა ფუფუნება, ასაკით უფრო ახლოს ვყოფილიყავი, ვიდრე დედასთან, თუმცა მაინც უფროსი იყო. შესაბამისად, შემეძლო, ყველაფერი მეთქვა მისთვის და მისგან სწორი რჩები მიმეღო, მისი გამოცდილება გამეზიარებინა. საერთოდ, უფროსი დის ყოლა ფუფუნებაა. ის შენთვის მენტორივითაა. ამ ურთიერთობაში დამსჯელობითი ნაწილი არ არსებობს და მხოლოდ ინფორმაციის, შეგრძნებებისა და გამოცდილებების გაზიარებაა, რაც ყოველთვის მეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები