LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესიკ ხარძიანის მკვლელობა გახსნილია

78

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა გახსნილია, ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროპკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-სთან თანამშრომლობის შედეგად მკვლელობაში ამხილეს უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ დიამეტოვი და დოევი კიევი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და დროებით ვარკეთილში დაბინავდნენ, 2015 წლის 16 იანვარს კი პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბინა, სადაც ცხოვრობდნენ 2015 წლის 28 მარტამდე. ბრალდებულებმა იყიდეს ,,ჰონდას“ მარკის ლურჯი ფერის მინი მოპედი. გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების მარშრუტების შესწავლის, დაზუსტებისა და მისი თვალთვალის მიზნით, დღის განმავლობაში მოპედით მოძრაობას იწყებდნენ მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის სიახლოვეს, კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე ,,ხალიკ ბანკის’’ ტერიტორიიდან, მიემართებოდნენ ვარაზის ხევის გავლით მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო „საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც მდებარეობდა ბესარიონ ხარძიანის სამუშაო ოფისი და თარხნიშვილის ქუჩის გავლით, მარაბდის ქუჩაზე მდებარე ხარძიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ.

„მკვლელობის დღეს, 2015 წლის 28 მარტს, 10:32 წუთზე, ოლეკსანდრ დამეტოვმა მოპედით მოძრაობა დაიწყო კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე ,,ხალიკ ბანკის’’ მიმდებარე ტერიტორიიდან, ვარაზის ხევის გავლით ავიდა მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო ,,საქართველოსთან“ და თარხნიშვილის, ბარნოვისა და შატბერაშვილის ქუჩების გავლით გაემართა მარაბდის ქუჩაზე მდებარე ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლისაკენ, სადაც დაყოვნდა რამოდენიმე წამით, შემდეგ დატოვა აღნიშნული ადგილი და მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოძრაობდა მარაბდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე.

იმავე დღეს, 12:20 საათზე, ბესარიონ ხარძიანი საკუთარი ავტომანქანით გამოვიდა საცხოვრებელი სახლიდან და მივიდა საქმიან შეხვედრაზე მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო ,,საქართველოში’’. შეხვედრის მიმდინარეობის პერიოდში ოლეკსანდრ დამეტოვი მოპედით მოძრაობდა ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლისა და სასტუმრო „საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიებზე.

ხარძიანმა სასტუმრო ,,საქართველოს’’ მიმდებარე ტერიტორია დატოვა 13:43 საათზე და თარხნიშვილის ქუჩის გავლით გაემართა საკუთარი საცხოვრებელი სახლისაკენ, რა დროსაც ბარნოვის ქუჩაზე არსებულ გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერებზე დაფიქსირებულია, თუ როგორ მიჰყვება მოპედით დამეტოვი ბესარიონ ხარძიანის ავტომანქანას.

მარაბდის ქუჩა N25-ში, ავტომანქანიდან გადმოსული ბესარიონ ხარძიანი შევიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც მას შეჰყვა ოლეკსანდრ დამეტოვი და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, რითაც ბესარიონ ხარძიანს მიაყენა სამი შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მათ შორის ერთი საკონტროლო, თავის არეში. მკვლელობის შემდეგ, დამეტოვი მოპედის მეშვეობით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და ჩაფხუტი დატოვა კეკელიძის ქ. N23-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსის ეზოში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხთან, რუხი ფერის ნაჭრის ქუდი შემოაგდო ავტოფარეხის სახურავზე, შემდეგ კი გააჩერა ტაქსი და გაემართა რკინიგზის სადგურის მიმართულებით.

გზაში, თამარ მეფის ხიდთან, ტაქსის მძღოლს მოთსხოვა გაჩერება, გადაუხადა მგზავრობის საფასური, გადმოვიდა ავტომანქანიდან, თამარ მეფის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადააგდო დანაშაულის ჩადენის იარაღი – ,,მაკაროვის’’ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი, რომელიც ნაპოვნი და ამოღებული იქნა გამოძიების მიერ.

ამის შემდეგ, ოლეკსანდრ დამეტოვმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით ჩაირბინა თამარ მეფის ხიდთან არსებული კიბეები, რა დროსაც კვალის არევის მიზნით შემოიბრუნა ორმხრივი, ორფეროვანი ქურთუკი და ჩაჯდა MERSEDERS-BENZ E-კლასის მარკის ტაქსში, რაც დაფიქსირებული იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერებით. ხსენებული ტაქსით თამარ მეფის ხიდისა და გმირთა მოედნის გავლით გადაადგილდა კოსტავას გამზირის მიმართულებით, ჩამოვიდა ,,ხალიკ ბანკთან“ და ფეხით გაემართა ნაქირავები ბინისაკენ. იმავე დღეს, ბინიდან მათი მოულოდნელი წასვლის მოტივით დამეტოვი დაუკავშირდა ბინის მეპატრონეს და სასწრაფოდ თანამზრახველთან ერთად დატოვა ნაქირავები ბინა.
დაახლოებით 15-16 საათისათვის ოლეკსანდრ დამეტოვი და ოლეგ დოევი, პეკინის გამზირზე ჩასხდნენ ,,ფოლკსვაგენ ვენტოს“ მარკის ტაქსში და გაემართნენ ორთაჭალაში მდებარე ავტოსადგურის მიმართულებით, სადაც იქირავეს „MERSEDERS-BENZ S“-კლასის მარკის ტაქსი და გაემგზავრნენ სარფში.

იმავე დღეს, მკვლელობიდან რამოდენიმე საათში, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ოლეკსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, ფეხით გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მიიმალნენ.

ო. დამეტოვის მიერ კეკელიძის ქუჩაზე მიტოვებული მინი მოპედიდან, ჩაფხუტიდან, ნაქსოვი ქუდიდან, ასევე პეკინის ქუჩაზე დამეტოვისა და დოევის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა დნმ-ის ნიმუშები, რომლებიც ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზით აღმოჩნდა ერთმანეთის იდენტური.

გამოძიებით დადგენილია, რომ ოლეკსანდრ დამეტოვმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა ყალბი პასპორტის გამოყენებით და მკვლელობის ჩადენის შემდეგ იმავე დოკუმენტის გამოყენებით დატოვა ქვეყნის ფარგლები. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დეტალების გასაჯაროვებაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ,“ – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს, უწყების ცნობით, მათი მხილების მიზნით გრძელდება ინტენსიური გამოძიება, ხოლო ძებნილ პირთა ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები