„მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეუწყდეს ფიქრია ნიკოლაშვილს თავმჯდომარეობის უფლებამოსილება, ანუ, გადაყენებული იქნას თავმჯდომარეობიდან და დარჩეს ჩვეულებრივ წევრად, რადგან მისი თავმჯდომარეობა არის მიკერძოებული,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა ისანში, ბესიკ დონაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დონაძის თქმით, ნიკოლაშვილი მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს, რადგან მასსა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს შორის არსებობს კომერციული და ფულადი დაინტერესება.
„დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, რომელიც არჩევნებზე გავლენას ახდენს. „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატია კახა ლაბუჩიძე, ხოლო ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე არის ფიქრია ნიკოლაშვილი ანუ მარტივად, რომ ვთქვათ საარჩევნო ხმების დამთვლელია.
კახა ლაბუჩიძე მაჟორიტარად წარდგენამდე იყო ისნის გამგებელი, ფიქრია ნიკოლაშვილის და ელისო ნიკოლაშვილი არის ჩუღურეთის საოლქო კომისიის წევრი, ხოლო ფიქრია ნიკოლაშვილის სიძე, კახაბერ მანჯგალაძე არის კახა ლაბუჩიძის გამგებლობისას კონტრაქტორი კომპანიის, შპს-ს მფლობელი.
ანუ კახა ლაბუჩიძე კახაბერ მანჯგალაძეს უფორმებს ტენდერებზე კონტრაქტებს, რომელიც არის დაახლოებით 300 000 ლარის. ასევე კახაბერ მანჯგალაძეს კონტრაქტებს უფორმებს ჩუღურეთის გამგეობა, რომლის რაიონშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არის ელისო ნიკოლაშვილი, მისი მეუღლე.
ფიქრია ნიკოლაშვილის მიკერძოებულობა კონკრეტულად „ქართული ოცნების“ კანდიდატის მიმართ უკვე აისახა არჩევნებზე, როდესაც „ევროპულმა საქართველომ“ საჩივრით მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა ადმინისტრაციული სანქცია დაედო გამგეობის თანამშრომლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ კახა ლაბუჩიძის წინასაარჩევნო კამპანიაში, 6 ადამიანი, რომლებიც არიან გამგეობის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, თუმცა ფიქრია ნიკოლაშვილმა, რომელიც ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა, მაშინ როდესაც თავად თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ მონაწილეობს, როგორც საარჩევნო კამპანიაში ასევე ფეისბუქზე რეკლამირებაში.
მივმართავ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, სამართლიან არჩევნებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მათაც მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ფიქრია ნიკოლაშვილის ისნის საოლქო საარჩევნო თავმჯდჯომარეობის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მის მაგივრად სხვა მიუკერძოებელი პირის დანიშვნით მოთხოვნით.“ – განაცხადა ბესიკ დონაძემ.