LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერდია სიჭინავა: გამოცხადდეს „ოცნება“ სენაკის საკრებულოში და მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ

120
ბერდია სიჭინავა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებით, „ქართული ოცნება“ სენაკში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება.

აღნიშნულს ექსპრემიერის პარტია არჩევნების შედეგების ძალისმიერად შეცვლის მცდელობად აფასებს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, გამოცხადდნენ დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე. მათი განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, გახარიას გუნდი მათ წარდგენილ თავმჯდომარეობის კანდიდატს მხარს დაუჭერს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის, პარტია ღია, საჯარო შეთავაზებას აკეთებს.

„ოცნების“ წარმომადგენლები გამოცხადნენ დღევანდელ სხდომაზე და ჩვენ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მხარს დავუჭერთ ისე, რომ საკრებულოში პო“ლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი არ დაირღვევა“,- თქვა მან.

ბერდია სიჭინავას თქმით, ჩატარებული 8 სხდომიდან, ბოლო 5 სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მისულან და „საკუთარ მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს 2 თვეა საბოტაჟს უწყობენ“.

„ოცნების“ გაცხადებული მიზანია, სენაკის მუნიციპალიტეტში ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით შექმნილი პოლიტიკური რეალობისა და სენაკელების არჩევანის ასე ხელოვნურად და ძალისმიერად შეცვლა. ახალი არჩევნების მზადებისთვის დავალება, „ოცნების ხელმძღვანელების მიერ, სამეგრელოში ბოლო ვიზიტის დროს გაიცა“, – განაცხადა სიჭინავამ.

მისივე ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს „ოცნების“ წარმომადგენლები უკანონოდ ავალებენ დღევანდელი სხდომის ჩაშლის მიზნით, არ გამოცხადდნენ საკრებულოში, რაც წარმოადგენს უკანონობას და საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობას. სიჭინავას თქმით, აღნიშნულს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

„დღევანდელი სხდომა ყველასთვის იქნება ტესტი, ვინ ქმნის ხელოვნურ კრიზისს და რომელი პოლიტიკური პარტიისთვის არის სენაკელების ინტერესები პირველხარისხოვანი და ვის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას საერთოდ სენაკი და სენაკელები“, – თქვა პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა.

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურიდან თითქმის სამი თვის თავზე, სენაკის საკრებულოს კვლავ არ ჰყავს თავმჯდომარე. სხდომა დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. გადამწყვეტ ხმებს გახარიას პარტია ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები