LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერა ივანიშვილი:„ ქერჩის“ ყურებისას ცრემლი მომადგა…“

118

26 ნოემბერს, საღამოს, „ისთ ფოინთში“ მდებარე „აიმაქსის“ კინოთეატრში „ჯი-დი-ეს“-მა ახალი მრავალსერიანი დრამა „ქერჩი“ წარმოადგინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ქერჩის ბრძოლას ეძღვნება. ცნობილია, რომ ამ ბრძოლის დროს 86 000 ქართველი დაიღუპა…

ამ თემაზე სერიალის გადაღების იდეა რეჟისორ ლევან დაბრუნდაშვილს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, ეს ამბავი მას პაპისგან ჰქონდა მოსმენილი, რომელიც ქერჩის ბრძოლას გადაურჩა, თუმცა ბატალური სცენების გამო, რომლის გარეშეც ფილმი წარმოუდგენელი იქნებოდა, პროექტის მასშტაბი ერთი-ორად იზრდებოდა და შესაბამისად, დაფინანსებაც უფრო მეტი იყო საჭირო. გუშინდელ პრემიერაზე რეჟისორმა დიდი მადლობა გადაუხადა პირადად ბიძინა ივანიშვილს და ივანიშვილების ოჯახს, განსაკუთრებულად, ბერას იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება, ეს სერიალი გადაეღოთ.

„ქერჩს“ ქართველი მაყურებელი გამორჩეულად ელოდა, ვინაიდან ამ ბრძოლაზე აქამდე ქართული კინო არ შექმნილა. საგულისხმოა, რომ პრემიერის პირველ დღეს დარბაზში, ძირითადად, სულ ახალგაზრდები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გადაღებული ისტორიული სერიალი ისტორიულ ბრძოლაზე, რომელმაც 86 000 ქართული ოჯახის ბედი შეცვალა, მათთვის საინტერესოა, რაც „ჯი-დი-ეს“-ის გუნდის ერთგვარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.

მაყურებელმა პრემიერაზე ორი სერია ნახა. ნანახმა კი მოლოდინს გადააჭარბა. ცნობილია, რომ ფილმს 6 თვის განმავლობაში იღებდნენ, მათ შორის ზაფხულის საშინელ სიცხეს დაემთხვა ბატალური სცენების გადაღება, რომლებიც თქვენს ინტერესს ნამდვილად დაიმსახურებს, ვინაიდან ძალიან კარგად არის გაკეთებული. გადაღებები თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა, ბატალურ სცენებს ორი თვის განმავლობაში იღებდნენ…

ამ სცენამდე „ქერჩის“ მთავარ პერსონაჟებს გაიცნობთ, რომელთაგან არც ერთი გულგრილს არ დაგტოვებთ, თუმცა ცალკე უნდა აღინიშნოს მსახიობ გიორგი ცაავას პერფორმანსი, რომელიც კაპიტან მალკოვიჩის როლს ასრულებს. მას ჰყავს ჩაბარებული ქართველი ბიჭების რაზმი, გასაწვრთნელად და ომში წასაყვანად, მისიაზე, რომელიც თავიდანვე განწირულია…

რასაკვირველია, ფილმს გამოუჩნდება უამრავი კრიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ ხერხები, რომლითაც „ქერჩია“ გადაღებული, ზედმეტად ჰოლივუდურია, პერსონაჟებიც ზუსტად ცნობილი ფორმულითაა შექმნილი და გახსნილი, არის ბევრი სტერეოტიპული ფრაზა, თუმცა… იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს თემაზე თანამედროვე ქართულ კინოს ბოლო დროს არაფერი შეუქმნია, ორმაგად დიდ მნიშვნელობას იძენს ასეთი სერიალების შექმნა და მათი ტელეეთერში მოხვედრა ისეთი ნიჰილიზმის პირობებში, რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრდა საქართველოში, განსაკუთრებით კი – ახალ თაობაში…

პრემიერას ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის „ქერჩის“ პროდიუსერი ბერა ივანიშვილი და მონაწილე მსახიობები.

ბერა ივანიშვილი:

ზუსტად ახლა ვეუბნებოდი ჩემს მეგობარსა და მთავარ გმირს, გიორგი ცაავას, რომ ვამაყობ ამ ადამიანებით, მათ მიერ როლების შესრულებით, აღარაფერს ვამბობ გადაღების ხარისხზე,  ემოციებში ვარ და თავიდან მინდა ყურება, სხვათა შორის, ერთ-ორ მომენტში ცრემლები მომადგა, ძალიან რეალური იყო, მით უმეტეს, ვიცით, რომ ეს ამბავი ნამდვილად მოხდა და ჩვენს წინაპრებს შეემთხვათ. არ არსებობს ქართული ოჯახი, რომელსაც ეს ყველაფერი არ შეეხო და აქედან გამომდინარე, როგორც რიგითმა ქართველმა, სერიალს სიამაყით ვუყურე. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ამას ქართველმა უყუროს და გულგრილი დარჩეს.

„ჯი-დი-ეს“-ისგან თუ უნდა ველოდოთ მსგავს პროექტებს?

(იღიმის) „ჯი-დი-ეს“-ისგან ყოველთვის საუკეთესოს უნდა ელოდოთ. ამ ეტაპზე ამის თქმა შემიძლია. პირადად მე კი, „ქერჩის“ შემდეგ სერიებს ველოდები…

გიორგი ცაავა:

სხვათა შორის, აქამდე მთლიანად არ მინახავს, მხოლოდ შავი მასალა ვნახე, როგორც პროდიუსერმა. ძალიან ვღელავდი პრემიერაზე.

ყოველთვის კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ და ეს არ არის მარტო სიტყვები, მართლა ასეა, ძალიან, ძალიან რთულია ეს ყველაფერი, როგორც მსახიობისთვის. გადაღების პროცესში ბევრი ეტაპი გავიარე. მოხარული ვარ, რომ ხალხს მოეწონა. სიმართლე გითხრათ, ვერ ვმალავ ემოციებს იმის გამო, რაც დღეს ეკრანზე ვნახე. ვფიქრობ, სერიალი შედგა.

ამ როლისთვის ბევრი ვიმუშავე, ვნახე უამრავი მასალა და წავიკითხე… ვიმედოვნებ, მაყურებელს მოეწონება.

დათო (ჩელე) გელაძე:

მხოლოდ ფრაგმენტები გვქონდა ნანახი მსახიობებს. ორი სერია რომ ვნახეთ შეკრული, თავისუფლად შეგვიძლია, „ქერჩს“ ფილმი დავარქვათ და არა სერიალი. მგონია, მაყურებელი კმაყოფილი დარჩება. ალბათ, უხერხულია, მონაწილე მსახიობებმა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორი მაგარია ეს სერიალი. მაყურებელმა თავად შეაფასოს. ჩემს პერსონაჟზე შემიძლია ვთქვა, რომ მის ცხოვრებაში მოხდა დიდი გარდატეხა, ეკლესიის მსახური იყო და შემდეგ მოუხდა ადამიანების ხოცვა…

სერიალში ასეთი მასშტაბის ბატალურ სცენებს თუ ელოდებოდი?

იმ ადამიანებისგან, რომლებმაც „ტიფლისი“ შექმნეს, ნამდვილად ველოდებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი გამოვიდოდა. ვფიქრობ, მოლოდინი გაამართლა.

ერეკლე გეწაძე:

ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. თვალში მიდგას 15-წუთიანი ბატალური სცენა, ბრძოლა, რაღაც საოცრება. ეს ის აღარ არის, როცა არჩევ, ქართულია თუ უცხოური, გადაღების ხარისხს ვგულისხმობ. რაც შეეხება ჩემს როლს, მასზე რეჟისორთან ერთად ვიმუშავე, რომ შეგვექმნა იმდროინდელი თბილისელი ბიჭის სახე. გადაღებისას განსაკუთრებული სირთულოე იყო ბატალური სცენების შექმნისას, რომელზეც დაახლოებით ორი თვე ვიმუშავეთ, „გადავაფეთქეთ“ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (იღიმის). ეს სცენა იმდენად ემოციური იყო, რომ ახლა დარბაზში, მისი ნახვისას, პირველმა მე დავიწყე კივილი… (იცინის).

ირაკლი კეიდია:

ვიცოდი, რომ კარგი გამოვიდოდა, მაგრამ ასეთ კარგსაც არ ველოდი. სულ ასეთი კარგი იქნება, როგორიც პირველი ორი სერია. გადაღებები იყო ურთულესი, როგორც არამსახიობისთვის, ძალიან ახალი იყო ყველაფერი, მაგრამ შევეგუე, გავიარე ადაპტაცია და მივიღე დიდი გამოცდილება. მეხმარებოდა რეჟისორი, ლევან დაბრუნდაშვილი, ყველაფერს ერთი სიტყვით მაგებინებდა. გადაღების ყველა დღე და საათი განსაკუთრებული იყო  ჩემთვის…

მაყურებელმა უნდა უყუროს „ქერჩს“, რადგან გაცოცხლებულია ახლო წარსული, რომელიც მივიწყებული იყო და ყველამ უნდა ნახოს, უმაღლესი ხარისხით… უდიდესი შრომაა ჩადებული და ქართულ კინემატოგრაფში ნამდვილად დიდი ნაბიჯია.

გიორგი გიორგანაშვილი:

მე კასტინგზე ვიმუშავე. იცით, რომ ზოგადად, საქართველოში ძალიან ძნელია კინოსთვის კონკრეტული ტიპაჟის შერჩევა, თეატრის მსახიობებს უჭირთ გადაწყობა. პატარა თაობის სახეებიდან ბევრს არ ვიცნობდი, ძალიან დიდი კასტინგი გავაკეთეთ, რეალურად გავრისკეთ, რადგან არ ვიცოდით, ვინ რისი გამკეთებელი იყო კადრში, სამსახიობო ინტუიცია გამოვიყენე.

მივიჩნევ, რომ რაც გვინდოდა, იმის 80% გამოგვივიდა… ეკრანზე პირველად ვნახე და საკმაოდ კმაყოფილი ვარ. მერე სერიებში რომ ვიცი, რაც ხდება, მგონია, მაყურებელი დაიშოკება, რადგან არავინ ელოდება ამას… ათმაგად მაგარია… „ტიფლისი“ როგორც მიიღეს, ვფიქრობ, იმაზე ასჯერ მაგრად მიიღებენ „ქერჩს“.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები