თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ, ბექა წიქარიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
წიქარიშვილს, სასამართლოს შენობისთვის აგურის სროლის გამო, 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
ბექა წიქარიშვილის მიმართ გამოყენებულ ადმინისტრაციულ პატიმრობას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც წიქარიშვილის ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ წიქარიშვილს სადავოდ არ გაუხდია მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მოსამართლის გადაწყვეტილება მაინც მკაცრი იყო.
წიქარიშვილი პოლიციამ გუშინ მას შემდეგ დააკავა, რაც აქტივისტმა მოსამართლის მიერ “ბახალას” საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად აგური ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 იანვარს განაცხადა, რომ წიქარიშვილს ადმინისტრაციულ სამმართალდართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
პროცესის დაწყებამდე, ბექა წიქარიშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჩემი გუშინდელი ქმედება იყო გამოწვეული ძალიან კონკრეტული პროტესტით, აღელვებით და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც “ბახალას” მიმართ გამოიტანა სასამართლომ, ამ უსამართლო გადაწყვეტილებით. სიმართლე გითხრათ, მე არ მქონია განცდა, რომ ვესროლე სასამართლოს ფანჯარას, მე მქონდა განცდა, რომ ვესროლე უსამართლობის კერას, სადაც ადამიანები იკვებებიან სხვა ადამიანების გაწამებით”
რაც შეეხება თორნიკე ბზიავას, რომელიც ასევე, ბახალას გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს, მას სასამართლომ წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარიანი ჯარიმა დაუწესა.