„ანდორამ“ ბექა ბურჯანაძე ჟურნალისტებს წარუდგინა. გუნდის ხელმძღვანელობამ ახალწვეულ ქართველ ფორვარდს 7-ნომრიანი მაისურა საზეიმოდ გადასცა. ბექა ბურჯანაძე „ანდორას“ შემადგენლობაში გიორგი შერმადინთან ერთად იასპარეზებს, რომელიც გასულ სეზონშიც ამ გუნდში იყო და ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ.
ბურჯანაძე თავის მხრივ ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში თამაშობდა, სადაც „ლეიმა ბასკეტის“ ლიდერი გახლდათ და ამ გუნდს უმაღლესი ლიგის საგზურს მოპოვებამდე მცირედი დააკლდა. მისი საშუალო მონაგარი ლაკორუნიულ გუნდში 16.4 ქულასა და 6.9 მოხსნას შეადგენდა.
ესპანეთის ჩემპიონატი 1 ოქტომბერს იწყება. პირველ ტურში „ანდორა“ ისვენებს და მეორეში, 7 ოქტომბერს, „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.