გერმანული კონცერნი Volkswagen ხარჯების შემცირების და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებას აგრძელებს. გამოცემა Automobilwoche–ს ინფორმაციით, ამჯერად ცვლილებები კონცერნის შიდა პოლიტიკაში განხორციელდა, ბრიტანული Bentley დამოუკიდებელი ბრენდი აღარ იქნება და Audi–ს „ქალიშვილად“ გადაიქცევა.
Audi შვილობილის ტექნიკურ თუ ფინანსურ მხარეზე სრულ კონტროლს აიღებს, სანაცვლოდ კი Bentley–ს ახალი მოდელები Audi–ს მიერ შემუშავებულ პლატფორმებს და აგრეგატებს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Bentley–მ გაყიდვების გეგმას გადააჭარბა და რეკორდული 65 მილიონი ევრო გამოიმუშავა, თუმცა პანდემიის გამო შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. გარდა ამისა, ბრენდის ხელმძღვანელობა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლაზეც ნერვიულობს და მორიგ ფინანსურ კრიზისს ელოდება.