ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი ევა კაილი დააკავა. ის ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია.
ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, საუბარია სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის მცდელობებზე, ქრთამის სანაცვლოდ ევროპარლამენტში გავლენა მოეპოვებინა და საკუთარი ინტერესები გაეტარებინა. გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
ბელგიის პოლიციის ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს.
პოლიციამ ჩხრეკის შედეგად დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.