LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიის მიგრანტთა დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

134
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (11)

ბელგიაში, არალეგალ მიგრანტთა დაკავების ერთ-ერთ ცენტრში, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

ბელგიური მედიის ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ანტვერპენის პროვინციაში, მერკსპლასში მდებარე დაკავების ცენტრში იმყოფებოდა.

როგორც მედია წერს, საქართველოს მოქალაქე შიმშილობდა, თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ბელგიის მიგრაციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 40 წლის მამაკაცმა შიმშილობა პროტესტის ნიშნად, მას შემდეგ დაიწყო, რაც უარი მიიღო საფრანგეთში გადაყვანის მოთხოვნაზე, სადაც მისი მეუღლე და სამი შვილი იმყოფებოდნენ.

„ხშირად ხდება, რომ ცენტრში მყოფი ადამიანები შიმშილობას იწყებენ, ან იმუქრებიან, რომ ამას გააკეთებენ. ამ ადამიანებს ყურადღებით აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო ჩარევა ხდება. კონკრეტულად ამ შემთხვევაში მამაკაცის მდგომარეობა არ იყო საგანგაშო.

მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო. წინასწარი შეფასებით, ვითარება მიუთითებს ბუნებრივ სიკვდილზე“, – აღნიშნა იმიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბელგიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია:

„აღნიშნული საკითხის მოგვარების პროცესში საკონსულო ჩაერთო პირველივე დღეებიდან. ბელგიაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო და ახლაც რჩება, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ბელგიის შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან, ასევე ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკასთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების პირველივე დღიდან, კონსული გარდაცვლილის ოჯახს დაეხმარა ადვოკატის და დამკრძალავი ბიუროს მოძიების საკითხში და განხორციელდება საჭირო პროცედურები.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით.

ბელგიის იზოლატორში ქართველი პატიმრის შიმშილობის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიაში საქართველოს კონსულს, უახლოეს მომავალში შეხვედრა აქვს დანიშნული ბელგიის საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელობასთან“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები