LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბჟეზინსკი: არ დავეთანხმები არავის, ვინც იტყვის, რომ საქართველომ და უკრაინამ დასავლეთთან ურთიერთობაში ხელი უნდა ჩაიქნიონ. პირიქით!

225
BeFunky-collage

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი იან ბჟეზინსკი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან არ უნდა იყოს არანაირი გაურკვევლობა საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

“როცა საქართველოსა და უკრაინას ტრანსატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციაზე მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით, მათ რუხ ზონაში ვტოვებთ, რუხ ზონაში დატოვებამ კი რუსეთის სამი თავდასხმა გამოიწვია”, – განაცხადა მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში და დასძინა, რომ ნატო-მ საქართველოს და უკრაინას წევრობის განაცხადზე მკაფიო დადებითი პასუხი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოქმედებით უნდა გასცეს.

“ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა აცნობიერებს იმას, რომ რუსეთთან გრძელვადიანი პრობლემა გვაქვს და რომ მასზე რეაგირებას ძლიერი სტრატეგია სჭირდება. ჩვენ ნელი ტემპით ვაძლიერებთ რეაგირებას – ეს არ არის საკმარისად სწრაფი ნაბიჯები, მაგრამ მე არ დავეთანხმები არავის, ვინც იტყვის, რომ საქართველომ და უკრაინამ დასავლეთთან ურთიერთობაში ხელი უნდა ჩაიქნიონ. პირიქით!”,- ამბობს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი.

მისივე თქმით, ნატოსა და რუსეთს შორის ტერიტორიული სიახლოვე ახალ დონეზე გადავიდა. მათი საერთო საზღვარი ახლა თითქმის 1300 კილომეტრით გაიზარდა.

“ამით პუტინს ალბათ იმედები ძალიან გაუცრუვდა მიუხედავად იმისა, რომ ნატო რუსეთზე თავდასხმას არ აპირებს. ამასთან ერთად, ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებით, ნატო იძენს ორ ძალიან მძლავრ სამხედრო ძალას. ორივეს ფანტასტიკური საჰაერო ძალები აქვს.”, – აღნიშნა მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები