LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე არსებული საღებავების დიდი ნაწილი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

ბაზარზე არსებული ზეთოვანი საღებავების დაახლოებით ერთი მესამედი ჯანმრთელობისთვის საშიშ ელემენტტყვიას შეიცავს, ამასთან ერთად მათზე არ არის დატანილი სპეციალური მარკირება, – ამის შესახებ კვლევის შედეგები „ფორტუნას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „გამარჯობამ“ წარმოუდგინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „გამარჯობას“ აქტივისტებმა თბილისის მსხვილ სავაჭრო ცენტრებში და კერძო მაღაზიებში შეარჩიეს საღებავები. საქართველოს გარდა, გამოკვლევა ჩატარდა სომხეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. საიმედოობისთვის საცდელი ნიმუშების გამოკვლევა, ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს ნებართვით ჩატარდა ამერიკის მეთოდოლოგიის  აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.

გამარჯობამთბილისის ბაზრებსა და მაღაზიებში შეისყიდა 37 ქილა ზეთოვანი საღებავებისა. საღებავები წარმოდგენილი იყო 15 სხვადასხვა ბრენდისგან, რომელსაც უშვებდა 13 მწარმოებელი.

გამოკვლევების ჩატარებისთვის საღებავების არჩევისას ასევე სამშენებლო მარკეტის მენეჯერებთან ინტერვიუებიდან გაირკვა, რომ მომხმარებლებში ყველაზე მეტად პოპულარულია თურქული და გერმანული საღებავების ბრენდები. ამავე დროს, რიგითი მომხმარებლების მხრიდან მაღალია მოთხოვნა ბევრად უფრო იაფფასიან რუსულ და უკრაინულ ბრენდებზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტყვიას შეიცავენ, როგორც იაფფასიანი, ასევე ძვირადღირებული ზეთოვანი საღებავები.

თბილისის სავაჭრო ცენტრებში შეძენილი ზეთოვანი საღებავების გამოკვლევას არასამთავრობო ორგანიაცია „გამარჯობასთან“ ერთად პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში აწარმოებდა ალიანსი ქიმიური უსაფრთხოებისთვის IPEN-ი. ანგარიში ამ გამოკვლევის შესახებ გამოქვეყნებულია მსოფლიო მასშტაბით, გაეროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად.

 

საფრთხე

როგორც „ფორტუნას“ არასამთავრობო ორგანიზაციაში განუცხადეს, ტყვია ერთ–ერთია იმ ათი ქიმიური ელემენტიდან, რომელიც მსოფლიო საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. არ არსებობს ტყვიისგან გამოწვეული ზემოქმედება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ. ტყვიის შემცველი საღებავი წარმოადგენს ბავშვებზე ზემოქმედების უმსხვილეს წყაროს.

ტყვია კუმულაციური თვისების მქონე ტოქსიური მეტალია.

ის ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმის ორგანოთა სისტემებზე და განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისათვის. ტყვია ორგანიზმში მოხვედრისას ნაწილდება ტვინში, ღვიძლში, თირკმელებსა და ძვლებში. ტყვია რჩება კბილებსა და ძვლებში, სადაც გროვდება დროთა განმავლობაში. ტყვიის ადამიანზე ზემოქმედება, როგორც წესი, ფასდება ტყვიის რაოდენობის განსაზღვრით სისხლში. ორსულობის პერიოდში ძვლებში დაგროვილი ტყვია გადადის სისხლში და განვითარებადი ნაყოფზე ტყვიის ზემოქმედების წყარო ხდება.

ორგანიზაციის განცხადებით, იმის ფონზე, რომ საქართველოში, ბოლო პერიოდში მშენებლობის ბუმი აღინიშნება, რაც ნიშნავს რომ საღებავები მოთხოვნადი საქონელია როგორც მსხვილ ისე წვრილ მომხმარებლისთვის, ეს ტენდენცია განსაკუთრებით საშიშია.

 „მყიდველს არ შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შეიცავს თუ არა საღებავი ტყვიას. ჩვენი გამოკვლევის შედეგები გვიჩვენებენ, რომ არცერთი ტყვიის შემცველი საღებავი არ არის მარკირებული. რადგანაც საქართველოს ბაზარზე წარმოებული საღებავების უმეტესობა არის საიმპორტო საქონელი, აუცილებელია შემოტანილი საქონელის ბაზარი გაკონტროლდეს“, – განაცხადა ორგანიზაცია „გამარჯობას“ წარმომადგენელმა ოლღა პოდოსენოვა.

IPEN–ის ექიმის განცხადებით, ტყვიის შემცველი საღებავის გამოყენება წარმოადგენს ბავშვებზე ტყვიის ზემოქმედების ძირითად წყაროს.

,„ბავშვები, განსაკუთრებით 6 წლამდე ყლაპავენ ან შეისუნთქავენ ტყვიას მტვრის სახით, ნიადაგიდან და საგნებიდან, რომლებიც შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავით. მთავრობის წარმომადგენლებმა უნდა დააწესონ შეზღუდვები საღებავებში ტყვიის შემცველობაზე. ასევე საღებავის მწარმოებელი კომპანიები არ უნდა დაელოდონ რეგულაციებს. მათ შეუძლიათ და უნდა იმოქმედონ ეხლავე“, – განაცხადა ექიმმა Сара Brosché, GlobalLeadPaint , IPEN.

ტყვიით მოწამვლის პირველი ნიშნებია: მწკლარტე, მეტალური გემოს შეგრძნება პირში, წყურვილი, მუცლის ტკივილი და პირღებინება. გულისრევის შედეგად ამოღებული მასა მოთეთრო-რძის ფერია მასში ტყვიის ქლორიდის შემცველობის გამო. ტყვიის სულფიდი განავალს შავად ფერავს. ხშირია ფაღარათი ან ყაბზობა. სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს შოკი და ერთ-ორ დღეში სიკვდილი. ტყვიით მოწამვლის ადრეული სიპმტომებია: თავის ტკივილი, უძილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, მხედველობის დარღვევა. ყველაზე საშიშია ტყვიის ხანგრძლივი ზემოქმედება, რადგან მას ახასიათებს კუმულაციური თვისებები, ე.ი. შეუძლია, დაგროვდეს და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.

ტყვიით მოწამვლის ძირითადი წყაროა საღებავები (ტყვიის თეთრა, ტყვიის სურინჯი). ასეთ საღებავებში ტყვიის რაოდენობა მერყეობს 5-დან 40%-მდე. ასეთი საღებავებით ღებავდნენ ავეჯს, ფანჯრის რაფებს, სათამაშოებს. ტყვიით მოწამვლის მიზეზი შეიძლება გახდეს ძველი შენობა-ნაგებობების დანგრევის შედეგად გაფანტული მტვერი ან ბოლი, ასევე მხატვრული ტილოები, საიუველირო ნაკეთობათა ნარჩენები, საყოფაცხოვრებო აკუმულატორები და ტყვიის შრიფტები.

 

 

რეკომენდაციები მთავრობას

არასამთავრობო ორგანიზაცია „გამარჯობამ“ პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტშიც გააგზავნა თხოვნა და კვლევის შედეგები. მათ შესაბამის ორგანოებს მოუწოდეს ანგარიშის შედეგები გაითვალისწინონ.

საღებავში შემავალი ტყვიის პრობლემის მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „გამარჯობა“ და IPEN-ი შესაბამის ორგანოებს რჩევებსაც სთავაზობენ.

ორგანიზაცია „გამარჯობას“ განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული საღებავების უმეტესობა წარმოადგენს საექსპორტო საქონელს, აუცილებელია, საღებავების ბაზარი საერთაშორისო დონის სტანდარტების მიხედვით გაკონტროლდეს. ეს კი საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაწყდეს.

მათი თქმით, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტმა უნდა მოამზადოს კანონი, რათა მოხდეს შეზღუდვა ტყვიის შემცველი საღებავების (90 პრომილეს ზემოთ) წარმოება, იმპორტი, ექსპორტი, გავრცელება, გაყიდვა და გამოყენება, რაც შეესაბამება ბევრად უფრო მკაცრ მსოფლიო სტანდარტებს. საღებავების გამოყენება ტყვიის გარეშე სამშენებლო ტენდერების ჩატარებისას უნდა გახდეს შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი.


„გამოვიდეთ საკანონმდებლო ინიციატივით საღებავებში ტყვიის შემცველობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ასევე აუცილებელია ტენდერების და ტექნიკური შეძენების დროს პრობლემების გათვალისწინება, ანუ ტექნიკურ მახასიათებლებში გაწერილ იქნას მოთხოვნა, რათა საღებავები გამოყენებულ იქნას ტყვიის გარეშე.

 ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამოუკიდებელი გამოკვლევის შედეგები დაეხმარება საქართველოს მთავრობის ორგანოებს, რათა ტენდერების ჩატარებისა და სახელმწიფო შესყიდვებისას გაითვალისწინონ აღნიშნული პრობლემა – აუცილებელია მოხდეს მოთხოვნა ტყვიის შემცველობის გარეშე საღებავების გამოყენებისა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

პასუხი შესაბამისი ორგანოებიდან

როგორც „ფორტუნას“ ორგანიზაცია „გამარჯობამ“ განუცხადა, მათ კვლევის შედეგები პარლამენტის შესაბამის ორგანოებში 2016 წელს გადააგზავნეს, თუმცა მასზე რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

„ფორტუნა“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, რომელთაც განაცხადეს, რომ საქართველოში, ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ბაზა მოუწესრიგებელია.

ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობდა, თუმცა საბოლოო შედეგი მიღწეული არ არის.

 

მსოფლიო პრაქტიკა

ბოლოდროინდელმა საერთაშორისო ეკონომიკური შედეგების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტყვიისგან გამოწვეული საერთო ზარალი წარმოადგენს წელიწადში 977 მილიარდ დოლარს. ამ გამოკვლევის თანახმად საქართველოს ეკონომიკური ზარალის მოცულობა 427 მილიონი დოლარია, ანუ 1,73 % მთლიანი შიდა პროდუქტისა(მშპ).

საყოფაცხოვრებო მოხმარების ტყვიის  შემცველი საღებავები დღემდე მასიურად იწარმობა, იყიდება და გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში იმის მიუხედავად, რომ უმეტეს განვითარებულ ქვეყნებში ისინი აკრძალეს 40 წელზე მეტი ხნის წინ.

ამერიკასა და კანადაში დაშვებულია ტყვიის შემცველობა დეკორატიულ საღებავებში – ის არ აჭარბებს 90 პრომილეს. ევროკავშირი საერთოდ კრძალავს ტყვიის შემცველ საღებავების გამოყენებას შიდა სამუშაოებისთვის და მუდმივად აწარმოებს ხარისხის მონიტორინგს.

თამთა უთურგაშვილი