LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბაყაყი თუ კანაფი?! – მარიხუანა, როგორც დიდი ბიზნესი მხოლოდ მაშინაა საინტერესო, თუ მას გაყიდი როგორც ნარკოტიკს”

332

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, ამბობს რომ მარიხუანას წარმოება მხოლოდ მაშინ არის მიმზიდველი ბიზნესი, როცა მას, როგორც ნარკოტიკს ისე ყიდი.

გოცირიძე ამბობს, რომ ეთერზეთებზე და პარფიუმერულ წარმოებაზე საუბარი მხოლოდ ამის გარეგანი შეფუთვაა.

პარლამენტის წევრი ამბობს, რომ თუ მსგავსი სახის მოთხოვნადი პროდუქტის წარმოების სურვილია, ქვეყანაში შესაძლოა სხვა პროდუქტებზე მუშაობა, როგორიცაა ვარდის ზეთი ან ა.შ.

“მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა საკვებ ბაყაყზე. საქართველოშიც გადაწყვიტეს მისი მოშენება წინა ხელისუფლების დროს კერძო მეწარმეებმა. ატეხა მაშინდელმა ოპოზიციამ გნიასი, ეს რა აკადრეს ვაზის და ღვინის სამშობლოსო. იმდენი ქნეს, სამარცხვინო გახდა ეს საქმე და ჩანასახშივე ჩაკვდა ეს ბიზნესი. ახლა გვიმტკიცებენ, რაც ბაზარზე იყიდება, ყველაფერი უნდა ვაწარმოოთო. მარიხუანაც ასეთი საქონელიაო. სწორი ლოგიკაა, ოღონდ კანაფის გაშენების ამ იდეას მარიხუანის სუნი ასდის, ერთი ადამიანის საეჭვო საქმეს ემსახურება და მას ბევრი რისკი ახლავს თან.

რომ ამბობენ, კანაფისგან ზეთს დავამზდებთო, რატომ არ იწარმოება ქვეყანაში ეთერზეთები, რომელიც ასე იყო განვითარბული საბჭოთა პერიოდში? სად გაქრა უნიკალური ტუნგოს კულტურა? რატომ არავინ აწარმოებს ვარდის ზეთს, რომელიც ასე ძვირი ფასობს მსოფლიო ბაზარზე? იმიტომ, რომ ძნელია მისი წარმოების ტექნოლოგიური, ფინანსური და ბიზნესორგანიზება და მერე ამ კონკურენტიან ბაზარზე ფეხის მოკიდება.

კანაფის შემთხვევაში სხვა რამესთან გვაქვს საქმე-გამოჩნდა კრიპტოვალუტები, რომლებიც კანაფიდან წარმოებული პროდუქციის მარაგებთან არის მიბმული. მისი სამედიცინო და პარფიმერული სარგებელი კი ლამაზი შეფუთვაა. იგი, როგორც დიდი ბიზნესპროექტი მხოლოდ მაშინაა საინტერესო, თუ მას გაყიდი როგორც ნარკოტიკს. ბევრ ქვეყაბაში და ამერიკის ცალკეულ შტატში მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებამ გააჩინა ინტერესი ამ მიმართულებით და ამაში უკვე კრიპტოვალუტების მწარმოებლებიც ჩაერთვენ.

სწორედ აქ იკვეთება ივანიშვილის ინტერესები.

სანამ ამას ჩვენი დეპუტატები შეიგნებენ, უფრო ადრე ის ბაყაყი მიხვდება, რომელიც ამ სურათზეა მიცემული. თუ არ შეჭამეს მანამდე. საკვები ბაყაყია. გემრიელი.

მოაშენეთ ბაყაყი. უფრო კეთილშობილური საქმეა” – წერს რომან გოცირიძე.