თბილისის 128-ე ბაგა-ბაღში, ბავშვზე სავარაუდო ძალადობის გამო, აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. როგორც აღსაზრდელის დედამ განაცხადა, მის 3 წლამდე ასაკის შვილს აღმზრდელი ფიზიკურად გაუსწორდა და ბავშვს ამის დამადასტურებელი დაზიანებები სახეზე ჰქონდა.
აღსაზრდელის მშობელმა “ფორმულასთან” განაცხადა, რომ იყო ფიზიკური ძალადობა – შენჯღრევა და ხელის დარტყმა. მისი თქმით, ბაღიდან ბავშვი დალურჯებული გამოიყვანა და შემდეგ კამერების ამონაწერი მოითხოვა, რომელშიც საკუთარი თვალით ნახა ძალადობის ამსახველი სცენა.
“ფორტუნა” დეტალების გასარკვევად 128-ე ბაგა-ბაღის დირექტორს, მანანა ყავლაშვილს დაუკავშირდა.
დირექტორის თქმით, აღმზრდელი დღეიდან სამსახურიდან გათავისუფლებულია, ამოღებულია კამერებიდან ჩანაწერები და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება:
“გამოძიება დაწყებულია, დაკითხვები ჩატარდა, ამოღებულია საჭირო კადრები. უკვე გავატარე ის ზომები, რაც საჭირო იყო – აღმზრდელი დღეის რიცხვით სამსახურიდან გავათავისუფლე, აღმზრდელის თანაშემწე გამოვიყვანე ჯგუფიდან, შევუცვალე სამუშაო ადგილი და მივეცი სასტიკი საყვედური.
საქმის შესწავლაში ჩართულია საგამოძიებო უწყებები და საჭირო ზომებს მიიღებენ. კადრები, რა თქმა უნდა, ნანახი მაქვს, ხელმძღვანელი ვარ და უნდა ვნახო, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კადრებზე და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ვერ შევიჭრები მათს კომპეტენციაში.” – განაცხადა “ფორტუნასთან საუბარში მანანა ყავლაშვილმა.