ძალადობა ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა. იგი დამახასიათებელია არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც დაბალი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, არამედ მაღალი სოციო-ეკონომიკური დონის მქონე განვითარებული სახელმწიფოებისთვისაც. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვს აქვს აგრესიული, ძალადობრივი გამოვლინებებისკენ მიდრეკილება. როგორც ფორტუნას თსუ-ს ლექტორმა, ფსიქოლოგმა თეონა ნუცუბიძემ განუცხადა, აგრესიისა და ძალადობისკენ ბავშვის მიდრეკილება, ბავშვზე ძალადობის უშუალო ან ირიბი გამოცდილების შედეგია. ძალადობის მსხვერპლი ან მოწმე ბავშვი, შესაძლებელია, მომავალში თავად გახდეს მოძალადე, აგრესორი ან პირიქით – აირჩიოს მსხვერპლის როლი.
რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ბავშვის მოძალადედ ჩამოყალიბებას?
ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ძალადობრივი ან აგრესიული ქცევა შესაძლოა ვლინდებოდეს ბიო-ფსიქო-სოციალური მიზეზებით, შესაბამისად, საჭიროა თითოეული მათგანის გათვალისწინება მაშინ, როცა ბავშვებში აგრესიული ან ძალადობრივი ქმედებების არსებობის შესახებ ვსაუბრობთ.
ბიოლოგიური ფაქტორები: აგრესია შეიძლება იყოს ერთ-ერთი სიმპტომი ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების.
ფსიქოლოგიური ფაქტორები: მნიშვნელოვანია ბავშვის ტემპერამენტის გათვალისწინება. სტატისტიკურად, ბავშვების 60% ე.წ. ადვილი, დამყოლი ტემპერამენტით იბადება. 25 %- მშიშარა და მგრძნობიარე ტემპერამენტით, ხოლო 15%- რთული ტემპერამენტით, რომელიც ვლინდება ძნელად აღსაზრდელობაში, ხშირ ჭირვეულობასა და ფიცხ ხასიათში. სწორედ, უკანასკნელი კატეგორიის ბავშვები არიან ყველაზე მეტად მიდრეკილნი აგრესიის გამოვლენისკენ.
სოციალური ფაქტორები:
- ბავშვმა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ოჯახის წევრებს შორის ძალადობის მოწმე ხდება, შესაძლოა შეიძინოს ოჯახის წევრებს შორის აგრესიული დამოკიდებულების გამოცდილება და არ არის გამორიცხული თავადაც გამოიყენოს მომავალში.
- ბავშვები ხშირად ხედავენ ძალადობას საბავშვო ბაღში/ სკოლაში/ სამეზობლოში, ხშირია აგრესიული ქმედებების მიმართ უყურადღებობა ან ტოლერანტობა აღმზრდელების/მასწავლებლების მხრიდან, ასევე აგრესიული ქცევისათვის ბავშვის წაქეზება, სასკოლო ტერორისადმი (ბულინგი) დაუცველობა და ა.შ
როგორ ავირიდოთ ბავშვის აგრესორად ან მოძალადედ ჩამოყალიბება?
ბავშვებში ძალადობის არიდება შესაძლებელია, თუ ვიზრუნებთ ძალადობრივი ქმედების გამომწვევი რისკ-ფაქტორების აღმოფხვრასა ან შემცირებაზე. პრევენციის ან კორექციის მიზნით, საჭიროა ყველა იმ ადამიანის „მობილიზება“, რომელსაც ბავშვთან უხდება ურთიერთობა. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენენ აგრესიული ვიდეო-თამაშები, საბავშვო პროგრამებში, მულტფილმებსა ან ვიდეო-კლიპებში გავრცელებული ძალადობა, საინფორმაციო საშუალებებში ძალადობის მაღალი დონე და მათ მიმართ ბავშვების დაუცველობა.
რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბავშვი მოძალადედ და აგრესორად არ ჩამოყალიბდეს, 7 რჩევას თეონა ნუცუბიძე მოგცემთ.
- გაეცანით ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებს და მათთან ურთიერთობაში გაითვალისწინეთ ისინი. ყველა ასაკობრივი პერიოდი თავისი გამოწვევებით ხასიათდება. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებო მოზარდობის პერიოდია, როცა უფრო მეტად ვლინდება საპროტესტო, წინააღმდეგობრივი, თვითდამკვიდრებისთვის გამიზნული ქცევები, იმატებს გაღიზიანების დონე და შესაბამისად, უფრო მოსალოდნელია მათი მხრიდან აგრესიული გამოვლინებები. მშობლები, მასწავლებლები და ნებისმიერი ის პირი, რომელსაც ურთიერთობა უხდება ბავშვთან/მოზარდთან, მოთმინებით უნდა მოეკიდოს მსგავსი სახის გამოვლინებებს, მოუსმინოს და შესთავაზოს დახმარება ასაკობრივ გამოწვევებთან გამკლავებაში.
- ყურადღება გამოიჩინეთ და ტოლერანტობით მოეკიდეთ ბავშვის/ მოზარდის ინდივიდუალურ თავისებურებებს. აგრესიული ქმედებების მიზეზი, შესაძლოა მისი ინდივიდუალური მახასიათებელი (მაგ. ტემპერამენტი) იყოს. იყავით ყურადღებით, მსგავსი მიზეზით განპირობებული აგრესიული გამოვლინება არ ჩავთვალოთ მის „თავგასულობად,“ „უზნეობად“ და საპასუხოდ, არ მიმართოთ დამსჯელობით ღონისძიებებს.
- ჩამოაყალიბეთ ბავშვთან ჯანსაღი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა. მიიღეთ მისი არა მხოლოდ დადებითი მახასიათებლები, არამედ ნაკლოვანებები და რაც მთავარია, “ნაკლის“ გამო არ მიმართოთ მის მიმართ ვერბალურ, ემოციურ თუ ფიზიკურ ძალადობას. არ დააკნინოთ მისი პიროვნება.
- ბავშვთან მიმართებაში გამოიყენეთ თანმიმდევრული აღზრდის სტილი. მნიშვნელოვანია, ბავშვმა ზუსტად იცოდეს ოჯახში/საკლასო გარემოში მიღებული წესები. იცოდეს, თუ რას მოელიან მშობლები/მასწავლებლები მისგან. მასწავლებელმა/ აღმზრდელმა/ მშობელმა უნდა გამოიჩინოს სიმტკიცე და მუდმივობა. არ იქნება სამართლიანი, თუ ბავშვს დასჯით თუნდაც აგრესიული ქცევისთვის, რომელიც არ აგიხსნიათ მისთვის.
- თავი შევიკავოთ ბავშვის ფიზიკური დასჯისგან. ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ აქვს სამომავლო ეფექტი. პირიქით, მისი უარყოფითი გავლენა გამოიხატება ერთი მხრივ, ბავშვის გადავადებულ და სხვებთან მიმართებაში გამოხატულ აგრესიულობაში, მეორე მხრივ კი აგრესიის, როგორც ქცევის მისაღები ფორმის აღქმაში.
- ბავშვის თანდასწრებით მოერიდეთ ოჯახურ კონფლიქტებს, აგრესიულ სცენებს, ურთიერთშეურაცხყოფას. ბავშვს ჯანსაღი განვითარებისათვის ასეთივე ჯანსაღი გარემო-პირობები სჭირდება. ოჯახში ძალადობა, როგორი ფორმითაც უნდა ვლინდებოდეს, გავლენას ახდენს ბავშვზე, მის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ბავშვი ძალადობის უშუალო მსხვერპლს არ წარმოადგენდეს, ძალადობის მოწმედ ყოფნა, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ადამიანებს შორის, როგორიც მშობლებია, უარყოფით გავლენას ახდენს მის კეთილდღეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ.
- მოარიდეთ ბავშვი საზოგადოებრივ და მედია ძალადობას. გამომდინარე იქიდან, რომ ძალადობა წარმოშობს ძალადობას, მნიშვნელოვანია ძალადობრივი სამეზობლო/სამეგობრო წრიდან ბავშვის შორს ყოფნის წახალისება. აკონტროლეთ და მონიტორინგი აწარმოეთ იმ პროგრამებისა თუ ფილმებისა, რომელთაც ბავშვი ტელევიზიით თუ სხვა მედია საშუალებებით უყურებს. აგრესიული ვიდეო-თამაშების ნაცვლად, შესთავაზეთ არააგრესიული თამაშები და შეეცადეთ აღნიშნულით მის დაინტერესებას.
გადაცემის ჩანაწერი