არასრულწლოვნებში თვითმკვლელობების მცდელობისა და კონკრეტული ფაქტების შემდეგ, როგორც წესი, მედიასაშუალებები ვიწყებთ ამბის გაშუქებას, ჩავწერთ ოჯახის კომენტარებს, შევეცდებით მიზეზების გარკვევას, დავურეკავთ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ფსიქოლოგებს, გავა ერთი კვირა, არასრულწლოვანს დაკრძალავენ და თემა იხურება.
შემდეგ ისევ იგივე.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ როცა ჩვენ, ჟურნალისტები ვაშუქებთ, ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, არასდროს არავინ, ვინც პრევენცია უნდა მოახდინოს, ვინც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, საბოლოოდ ან გაურბის ამ პასუხისმგებლობას, ან ყველაფერს ივიწყებს. თავიდან პირობას დებს, რომ საკითხით დაინტერესდება და შემდეგ მასაც მალევე ავიწყდება და ჩვენც. ამასობაში კი არასრულწლოვნებში თვითმკვლელობის მცდელობისა და ფატალური შედეგების სტატისტიკა წლიდან წლამდე მძიმდება.
ოფიციალური სტატისტიკით, თუ 2017 წელს 27 მცდელობა იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 49-მდე გაიზარდა, 2019 წელს – 73, 2020 წლის იანვარ-ივნისში კი უკვე 33 შემთხვევაა. სამწუხაროდ, ამ მცდელობებიდან ათეულობით ფატალური შედეგი გვაქვს.
ერთ-ერთი ბოლო მძიმე ამბავი თერჯოლის რაიონში მოხდა. 11 წლის გარდაცვლილი ბიჭის მამა ძალადობისა და შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებითაა დაკავებული და წინასწარი პატიმრობაც უკვე შეფარდებული აქვს.
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა უკვე თბილისშია
მას აეროპორტში PCR ტესტი უტარდება, COVID-ნეგატიური პასუხის მიღების შემდეგ კი, დაახლოებით 24 საათში, ის სოფელში ჩასვლას და შვილთან გამომშვიდობებას შეძლებს.
რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო, რას ვაკეთებთ ჩვენ – საზოგადოება, რას აკეთებენ მეზობლები, რომლებმაც ხშირად იციან, როგორ ძალადობს მშობელი ბავშვზე და რატომღაც ჩუმად არიან – თემებზე სასაუბროდ უფლებადამცველ ანა არგანაშვილს დავუკავშირდით.
– დავიწყოთ იმ მძიმე სტატისტიკით, რაზეც ეთერს გარეთაც ვისაუბრეთ, სად ვეძებოთ პრობლემა, რატომ გვაქვს ასეთი მძიმე სტატისტიკა
– პრობლემა არის თავში – ვწერთ კარგ კანონებს და გვგონია, რომ ეს საკმარისია. შემდეგ არავის უჩნდება პასუხისმგებლობა, რომ კანონი შეასრულოს. თუ კანონში გვიწერია, რომ დედათა და ბავშვა უფლებები უნდა იყოს დაცული, ისიც უნდა ეწეროს, ვინ იცავს ამას. წარმოიდგენთ რამდენად მძიმე სიტუაციაა, როცა სახალხო დამცველი წერს, რომ დღეს დახმარების არც ერთი რგოლი არაა, რომელიც დაიცავს იმ ბავშვების უფლებებს, რომლებსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ამ ფონზე, ვერ ვიტყვით, რომ მათი უფლებები დაცული.
– რატომ არაა დაცული, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა? რატომ არ იცვლება ამ მხრივ სიტუაცია?
– ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. თუ ის არ შექმნის პირობებს, რომ ბავშვმა იცოცხლოს, ჯანმრთელი იყოს და მშობლებთან ერთად იყოს, მაშინ არღვევს ბავშვის უფლებებს. ეს მისი ვალდებულებაა. რატომ არ ასრულებს – ამის მიზეზი ნაწილობრივ ჩვენშიცაა. არ ვართ ალბათ ინფორმირებულები, რომ მოვთხოვოთ მათ ამის შესრულება.
– რას გულიხსმობთ ინფორმირებულობაში?
– ბოლო დღეები, თერჯოლაში მომხდარი მძიმე ფაქტის შემდეგ, მიდის აპელირება, რომ ყველა მეზობელმა, ახლობელმა, ვინც ხედავს ბავშვზე ძალადობას, უნდა შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს, მაგრამ კითხვა არ ჩნდება – თუ არ შეატყობინებს, მაშინ რა ხდება. რატომ არ არსებობს ოქმი, რომ მაგ. არ შეატყობინა მასწავლებელმა და მას დაეკისრა სანქცია. კანოში წერია, რომ შეუტყობინებლობა დასჯადია.
– ვისზე შეიძლება პასუხისმგებლობა გადანაწილდეს. როგორ და რანარად უნდა მისულიყო სოციალური სამსახურის ყურამდე, თუ მეზობლები , ახლობლები არ იტყოდნენ, ასე შორიდან ხომ ვერ გაიგებს ეს სამსახური?..
– სოციალური სამსახური არ უნდა ელოდოს, როდის მივა რომელიმე მეზობელი. არსებობს ბავშვთა კატეგორია, რომელიც რისკ ჯუფად მიიჩნევა. ბავშვი, რომლის ერთი მშობელი მაინც ემიგრაციაშია წასული, ის უკვე რისკჯგუფშია. 350 ათასი ასეთ ბავშვი ჰყავს მაგ. რუმინეთს, იქ მიხვდნენ, რომ უნდა მიაქციონ მათ ყურადღება.
– ანუ პერიოდულად უნდა მიდიოდეს სოციალური სამსახური და ამოწმებდეს?
– კი, რა თქმა უნდა. მით უმეტეს, ერთ მშობელს თუ ჰქონდა ძალადობის გამოცდილება. თუ მეუღლეზე ძალადობს, ბავშვი უკვე მსხვერპლია. ბავშვი მიტოვებულია მეზობლების, გამვლელების იმედად. მათ ის არ იციან, რომ როცა ბავშვზე გასაჭირი ესმით, იქ არავინ სთხოვს, რომ აწონ-დაწონონ, არის თუ არა სერიოზული პრობლემა. პირველივე ნიშანზე, მათ ვალდებულება აქვთ, სოციალურ სამსახურს, პატრულს, ცხელ ხაზს უნდა შეატყობინოს.
"ის სამი და რატომ არ უვლიდა მიტოვებულ 11 წლის ძმას? ან სამეზობლო ეხლა რომ მირბიან ყვავილებით! რამ გაყინა ეს ხალხი?"
" ნუ დატოვებთ არასრულწლოვან შვილებს მარტო ასეთ რთულ ყოფაში"
– ხშირად გაგვიგონია, არის მოსაზრება, ბავშვი , თუნდაც გაჭირვებით, სჯობს მშობელთან გაიზარდოს, ვიდრე სოციალურმა სამსახურმა წაიყვანოს, ეს ძალადობის ნაწილს არ გულისხმობს, ცხადია, რა სჯობს ბავშვისთვის, მისი ფსიქიკისთვის?
– ის განცდა, რაც თქვენ და საზოგადოებას აქვს, ეს სწორია და კანონშიც ასე წერია. სიღარიბის, პირობების გამო არ შეიძლება ბავშვის და მშობლის დაშორება. როცა ასეთი ფაქტები მოხდა, სიღარიბის უგულებელყოფა დაარქვეს. ასე რომ კვალიფიცირდება, ეს ნიშნავს, რომ მშობელს აქვს და არ აკეთებს. ეს უკვე ძალადობაა. ასეთ დროს აფრთხილებენ, რომ ბავშვის უფლებას არღვევთ არა იმიტომ რომ არ გაქვთ, უბრალოდ საჭიროდ არ მიგაჩნიათ.
– რა გავაკეთოთ, რომ მინიმუმ შემცირდეს ასეთი მძიმე შემთხვევები?
– არჩევნები მოდის და დავუსვათ კითხვები ამ თემაზე პოლიტიკოსებს, მათი მსჯელობა არის არაკვალიფიციური. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გეგმა, რამდენ წელიწადში გააძლიერებენ განათლების სისტემას, თვითმკვლელობების პრევეენციის გეგმა უნდა ჰქონდეთ, ეს უნდა იყოს დათვლილი, რა ბიუჯეტს მოითხოვს, ანალიზი გაუკეთეს თუ არა ბიუჯეტს, სად მოაკლებენ და რას დაამატებენ.
– რატომ არ საუბრობენ პოლტიკოსები, ეს არ არის პოპულისტური თემა და არ აკეთებენ აქცენტს?
– კი, ასეა. ხალხს ნამდვილად აღელვებს ბავშვთა უფლებები, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის სადღეგრძელო, აქ არის ეკონომიკა, განათლება, ბევრი ასპექტია ჩართული. საზოგადოებას რომ ჰქონდეს მოთხოვნა, ეს გეგმები აუცილებლად გაჩნდება.