LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვებს რომ ვნახავ ბოდიშს მოვუხდი” – “ბასიანთან“ დაჭრის საქმეზე დაკავებულ ჩაჩხიანს პატიმრობა შეეფარდა

231
BeFunky-collage (16) (1)

მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, კლუბ “ბასიანთან“ სამი პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე პროკურორმა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ სრულად გაიზიარა.

დაცვის მხარე  ბიძინა ჩაჩხიანის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

“არსად მიმალვას არ ვაპირებ. სახლში 80 წლის მამა მყავს. არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე. იმ დღეს სანადიროდ უნდა წავსულიყავი, რაც მიპოვეს, ჩემი კუთვნილი სანადირო ინვენტარია, ძაღლიც მყავდა დაკავების დროს.

ყველაფრის რისკი არსებობს, რომ ადამიანმა რაიმე გააკეთოს. არსებობს რაღაცეები, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა ისეთი მდგომარეობა მაქვს სახლში, რომ არსად მიმალვას არ ვაპირებ. ბავშვებს რომ ვნახავ ბოდიშს მოვუხდი, იმათ საერთოდ არაფერს ვერჩოდი, საერთოდ არ დამინახავს”, – განაცხადა ჩაჩხიანმა სასამართლო პროცესზე.

ამასთან დაკავშირებით, საქმის პროკურორმა მას უპასუხა, რომ „ღამის საათზე აბაშიძის ქუჩაზე არ ნადირობენ”.

 

კლუბ “ბასიანთან” 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი გუშინ, 13 იანვარს წარედგინა. ბიძინა ჩაჩხიანს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას ედავება, რაც 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ბასიანის” დიჯეისთან შელაპარაკების შემდეგ, უცნობმა პირმა სახლიდან იარაღი აიღო და სამი პირი დაჭრა

შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს, კლუბ “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა სამ პირს და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები