ტურისტული სეზონის წინ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან და მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და მთავრობის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში.
ზურაბ პატარაძის თქმით, მოახლოებულია ტურისტული სეზონი და საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისაკენ.
„რა თქმა უნდა ჭაობის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქვთ ვადები, რომლებიც მომავალ სეზონამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას არ ითვალისწინებს, თუმცა ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მაქსიმალურად ვეცადოთ ტურისტული სეზონის დაწყებამდე მიმდინარე სამუშაოებს მიეცეს ესთეტიური და მოწესრიგებული იერ-სახე, განსაკუთრებით ქალაქისათვის იმ არტერიული დატვირთვის ქუჩებზე, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება ინტენსიურია“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა მთავრობის თავმჯდომარეს საკანალიზაციო-სანიაღვრე სისტემების მოწყობისა და გზების რეაბილიტაციის გეგმა გააცნო. მისი თქმით, პუშკინის და თავდადებულის ქუჩებზე დარჩენილია მცირე მონაკვეთი, მოკლე ვადებში დასრულდება ასევე ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საკანალიზაციო-სანიაღვრე სამუშაოები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კეთილმოწყობას და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაოების ინტენსიურ რეჯიმზე გადასვლასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზეც. მისი თქმით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.