ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. ინფრომაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
შემთხვევა 21 იანვარს დილით მოხდა. ბავშვი თბილისში იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ინფორმაციას ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ადასტურებენ, თუმცა მამუკა შამილიშვილი განმარტავს, რომ გოგონას ხსნარი არ გადაუყლაპავს.
”გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით, ბაღებში გაძლიერებულია სადეზინფექციო ღონისძიებები. შაბათ-კვირას დეზინფექცია ჩატარებული იყო, თუმცა ძიძამ დამატებით, დილით ადრე კიდევ სველი წესით დაასუფთავა. სადეზინფექციო სითხე წყალში გახსნილი, რითაც ამუშავებდა, დიდ კონტეინერში უნდა ჩაებრუნებინა, რომელიც იკეტება და დაცულ ადგილას ინახება. ამ დროს ბავშვი სამზარეულოში შემოვიდა და წყალი სთხოვა. ძიძა ამბობს, რომ ჭურჭელი ინსტიქტურად დადო და პატარასთვის წყლის დასასხმელად შებრუნდა. შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა. როცა მობრუნდა, ბავშვს უკვე პირთან ჰქონდა მიტანილი, დალეული არ აქვს. პირის ღრუს იქით აღარაა წასული, ღმერთს მადლობა. ისეთი მძაფრი სუნი აქვს და მწარეა, როგორ დალევდა,” – ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.
მამუკა შამილიშვილის თქმით, საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. მოკვლევის შემდეგ გადაწყდება, დადგება თუ არა ძიძის პასუხისმგებლობის საკითხი.
ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ძიძა უყურადღებოდ მოიქცა.