LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემები ერთიან ელექტრონულ ბაზაში განთავსდა

75

ბათუმში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება განთავსებული.

როგორც ”ფორტუნას” იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ბათუმში ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა უკვე დასრულდა.

სააღრიცხვო ბარათი შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი).

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ბათუმი ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით ერთ-ერთი აქტიური ზონაა. ქალაქი მრავალერთეულიანი ობიექტების სიმრავლით, საინვესტიციო, ტურისტული და კომერციული აქტივობით ხასიათდება, რაც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციისა და ინფორმაციის მოთხოვნის საჭიროებას განსაკუთრებით ზრდის.

სულ პროექტის ფარგლებში 3 462 ერთეული ბაინდერი დამუშავდა. შეიქმნა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რაც მარტივად ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას და კონკრეტულ უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის განხორციელებას. არქივირების პროექტი აჭარის რეგიონში მთლიანად დასრულდა.

საჯარო რეესტრი რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტი 43 რაიონშია დასრულებული.  ჩოხატაურში, დუშეთსა და დედოფლისწყაროში სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს.

დასამუშავებელი მასალისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტის დასრულება 2017 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.