შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმში, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პირს 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად დატოვა იზოლაციის ადგილი.
სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ის ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა.
აღნიშნული ქმედებისთვის, მოქალაქე 2 000 ლარით დაჯარიმდა. დაჯარიმების შემდეგ, იგი ბათუმში, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.