სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა სამართალდამცველმა, 2023 წლის 4 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ა. აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მის მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალისგან დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც სამართალდამცავი ოჯახში ძალადობისთვის იქნა დაკავებული“. – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.