LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” იუბილეზე საქართველო-ევროკავშირს შორის ახალი შეთანხმებები გაფორმდება

173
batumi

ორი საფინანსო შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის და 47 მილიონამდე ევროს დახმარება – დღეს შესაბამის დოკუმენტს მხარეები ხელს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” კონფერენციის ფარგლებში მოაწერენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით,  დღევანდელ ღონისძიებაზე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზეც იმსჯელებენ. მათ შორის დავით ზალკალიანმა  2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები დაასახელა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერ ქვეყანაში, 10 წლის იუბილეზე უმაღლესი და მაღალი დონის მონაწილეები იკრიბებიან.

სტუმრებს შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.

თემატურ სამუშაო სესიებს მოდერაციას გაუწევენ მედიის ცნობილი წარმომადგენლები და ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები.

შემაჯამებელი სესიის „აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 – გადავტვირთოთ და განვაახლოთ“ მოდერატორია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა.

ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენცია კი ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შემაჯამებელი სიტყვით დაიხურება.