LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის, როგორც მწვანე და ენერგოეფექტური ქალაქის პერსპექტივა

123

გათბობა, გაგრილება და კონდიცირება სუფთა, დაბალემისიური აგრეგატით – ეს თბური ტუმბოა. მოწყობილობა მაცივრის პრინციპით მუშაობს – ჰაერში, გრუნტსა თუ წყალსატევში არსებულ დაბალი პოტენციალის სითბურ ენერგიას მაღალი პოტენციალის სითბოდ გარდაქმნის, შენობაში შეტუმბავს, ათბობს ან აგრილებს ჰაერს/წყალს სასურველ ტემპერატურამდე, გამოირჩევა დაბალი ენერგომოხმარებით და ამცირებს გარმოზე მავნე ზემოქმედებას.

სწორედ აღნიშნული სადემონსტრაციო აგრეგატი დამონტაჟდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. შედეგად, მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 4 ათას ლიტრზე მეტ დიზელის საწვავს დაზოგავს, ენერგორესურსებზე დანახარჯებს 8 ათასი ლარით, CO2-ის ემისიებს კი 11 ათასი კგ-ით შეამცირებს.

„განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის პროექტი საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც სადემონსტრაციო ტუმბო დამონტაჟდა. პროექტს „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ ახორციელებს და „BP-საქართველო“ აფინანსებს.

„ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ხელმძღვანელის გიორგი აბულაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მუნიციპალიტეტებს „მერების შეთანხმების“ შესრულებაში, რომელსაც საფუძველი 2007 წელს ევროპაში ჩაეყარა. მერების შეთანხმებას თბილისი 2010 წელს, ხოლო ბათუმი 2011 წელს მიუერთდა. შეთანხმების მიზანია 2020 წლისთვის ქალაქებმა 20%-ით შეამცირონ ატმოსფეროში CO2-ის გაფრქვევა.

„2012 წლის მონაცემებით, საქართველო ჰაერის დაბინძურების გამო გარდაცვალებების სტატისტიკით, სამწუხაროდ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ სტატისტიკაში ერთი ცდომილება ის არის, რომ ჰაერის მონიტორინგი მხოლოდ თბილისში ჩატარდა და არა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ეს უფრო თბილისის მონაცემია, ვიდრე მთელი საქართველოს, თუმცა ჰაერის დამბინძურებლების შემცირება ყველა ქალაქისთვის სავალდებულოა. დაბინძურებას განაპირობებს ავტოტრანსპორტი, შენობები და ენერგომოხმარების პროცესები. ღონისძიებები, რომელიც მიმარულია მათ შესარბილებლად სწორედ „მერების შეთანხმებაშია“ თავმოყრილი. ჩვენი ვალდებულებაა იმ ქალაქებს, რომლებიც ამ შეთანხმებას მიუერთდნენ, დავეხმაროთ აღებული ვალდებულებების შესრულებაში, როგორც ტექნოლოგიური, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით“ – განმარტავს გიორგი აბულაშვილი.

„მერების შეთანხმებასთან“ მიერთებით და მავნე აირების 20%-ით შემცირების მიზნით, ბათუმმა ვალდებულება აიღო ჩაატაროს ქალაქის ტერიტორიაზე სითბური აირების ინვენტარიზაცია, შეიმუშაოს და განახორციელოს მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა, სატრანსპორტო და სამშენებლო სექტორში დანერგოს ენრგოეფექტური ტექნოლოგიები.

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, სწორედ ამ მიზნით ბათუმის მუნიციპალური შენობების ენერგოეფექტური აღჭურვა იგეგმება. პროექტისთვის გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკმა (KFW) გრანტის სახით 300 ათასი დოლარი გამოყო და ტენდერის საფუძველზე ის კომპანიაც გამოავლინა, რომელიც მუნიციპალური შენობების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ჩაატარებს.

„ამჟამად, ტენდერში გამარჯვეული კომპანია მუშაობს საკითხზე და კვლევის დასრულების შემდეგ გვექნება კონცეფცია, თუ როგორ უნდა დავნერგოთ შენობებში ენერგოეფექტურობა“, – ამბობს გიორგი ერმაკოვი.

გარდა ამისა, ბათუმის მერის ცნობით, ქალაქში ელექტრო და დიზელზე მომუშავე ევრო 5-ის სტანდარტის ავტობუსების შემოყვანაც იგეგმება. ამ პროექტისთვის მუნიციპალიტეტს სესხს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გამოუყოფს. იგეგმება ველობილიკების ქსელის გაფართოებაც.

„ეს ღონისძიებები ერთობლივად, საშუალებას მოგვცემს ატმოსფეროში მავნე აირების გაფრქვევა შევამციროთ და ბათუმი მწვანე ქალაქად ვაქციოთ“ – განმარტავს ერმაკოვი.

ბათუმში კიდევ ერთი პროექტით – წყალარინების სისტემით ამაყობენ, რომელიც 2012 წელს KFW-ის დაფინანსებით აშენდა და წყლის საერთაშორისო ასოციაციის მიერ დაჯილდოვდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროექტი დაბალი საინვესტიციო ღირებულებით და ელექტროენერგიის დაბალი მოხმარებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკანალიზაციო სისტემა ამ ქსელზე სრულად მიერთებული ჯერ კიდევ არ არის, სამუშაოები ამ მიმართულებით 2019 წელს დასრულდება.

ბათუმისა და თბილისის გარდა, ევროკავშირის „მერების შეთანხმებას“ საქართველოს კიდევ 11 ქალაქია მიერთებული, მათ შორის: ქუთაისი, გორი, ზუგდიდი, თელავი, ყაზბეგი, ბოლნისი და მცხეთა. აღსანიშნავია, რომ მთავრობა „ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმასაც“ ამუშავებს, სადაც გათვალისწინებული იქნება შეღავათების სქემა მშენებლობაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები