LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას განიცდის

80
1552133033-ტერმინალი-1024x667

„ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, საკანონმდებლო სივრცე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო უწყებებთან ტრანსფარანტული ურთიერთობისათვის შემოთავაზებული სხვადასხვა ფორმატი უპირობოდ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბიზნეს საქმიანობისათვის ნაყოფიერი გარემო,“ – ამის შესახებ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორის მურატ ჯიმადილაევის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მურატ ჯიმადილაევის განცხადებით, გარკვეული სუბიექტები ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ, 8 მარტს, ცალკეული სუბიექტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ და თითქოსდა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ტოტალურ ზეწოლასთან დაკავშირებით არსებულ ფაქტებს.

გამუდმებით ვართ იმის მომსწრენი, თუ როგორ ცდილობენ გარკვეული სუბიექტები თავს მოახვიონ საზოგადოებას მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და ყოვლად გადაუმოწმებელი ინფორმაციები. სამწუხაროდ, გუშინდელი ფაქტი, თითქოსდა ბათუმის ნავთობტერმინალი ან ბათუმის საზღვაო ნავსადგური სახელმწიფოს მხრიდან განიცდიან გარკვეული ტიპის ზეწოლას, კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა ყოველივე ამის. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ არც ბათუმის ტერმინალი და არც ბათუმის საზღვაო ნავსადგური არ არიან მონაწილენი ისეთი პროცესებისა, რომლებიც რაიმე სახით სცდებიან სამართლებრივ სივრცეს და გვაძლევენ საფუძველს იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები დავადანაშაულოთ მცდელობაში ხელი შეუშალონ ან ზარალი მიაყენონ ჩვენს საქმიანობას.

ჩვენ არაერთგზის აგვიღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, საკანონმდებლო სივრცე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო უწყებებთან ტრანსფარანტული ურთიერთობისათვის შემოთავაზებული სხვადასხვა ფორმატი უპირობოდ შეიძლება განვიხილოთ, როგორც საქართველოს ეკონომიკის ძლიერი მხარე და ბიზნესს საქმიანობისათვის ნაყოფიერი გარემო.

და ბოლოს, გვსურს ავღნიშნოთ, რომ მსგავსი პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლიმ გუშინ განცხადება გაავრცელა და დაასახელა კომპანიები, რომლებიც მისი მტკიცებით, დაზარალდნენ ან გაკოტრდნენ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიზანმიმართული ქმედებების საფუძველზე. ამ ჩამონათვალში მოხვდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალიც“. გარდა ამისა, ბათუმის ტერმინალის მსგავსად ფადის ასლის მიერ ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო „ბრითიშ ამერიკან ტობაკო​ს“ დირექტორმა და „ტერაბანკმაც“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები