ივლისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით კვირაში 81 ფრენა განხორციელდა. თვეში ფრენების რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. როგორც ”ფორტუნას” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ფრენები 22 მიმართულებიდან ხორციელდება.
როგორც უყწებაში აცხადებენ, შესაბამისად, გაიზარდა რეგიონში საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (იანვარი-ივნისი) 74 %-იან მატებას გულისხმობს.
ვიზიტორებისთვის რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი სეზონის ბოლომდე სრული დატვირთვით, 24 სააათიანი რეჟიმით იმუშავებს.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ”ბათუმი ცენტრალის” შენობაში შეემატება.
2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73,35 %-იან ზრდაა. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელიხაზი: 577 90 90 93 (91), სადაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.