LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მერი პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს მიმართავს, დაინტერესდეს სოფო ხალვაშისა და აქციის ორგანიზატორის პირადი მიმოწერის გასაჯაროებით

255
ბათუმის მერია

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ბათუმში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, უხერხულიც კია იმ სამარცხვინო კამპანიაზე საუბარი, „რაც სწორედ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წამოიწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ მართულმა მედიამ“.

„დღეს 24 აგვისტოა – ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. მსურს, ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს მივულოცო მათი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, მხარდაჭერა გამოვუცხადო და მშვიდობა ვუსურვო მათ.

ამ ფონზე უხერხულიც კია იმ სამარცხვინო კამპანიაზე საუბარი, რაც სწორედ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წამოიწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ მართულმა მედიამ. თუმცა, უხერხულობის მიუხედავად, ვალდებულები ვართ, რომ საზოგადოებას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მივაწოდოთ ინფორმაცია იმ პროვოკაციასთან დაკავშირებით, რომლის მოწყობასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ვითომდა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გეგმავდა.

რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული ტელევიზიების ეთერში საზოგადოებამ იხილა ის ისტერია, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში, ვითომდა სცენის დათმობასთან და უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებით მოაწყო.

სცენა, რომელზედაც საუბარია, ამჟამად ისედაც ამორტიზებულია და იქ კონცერტის ჩატარება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს შედარებით მეორეხარისხოვანი საკითხია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გახლავთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე იგეგმებოდა მძიმე ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები და პროვოკაცია, ძირითადად უკრაინაში მყოფი რამდენიმე ადამიანის მონაწილეობით.

ორგანიზატორები ამიტომაც ვერ აკონკრეტებდნენ რა სახის ღონისძიების ჩატარებას აპირებდნენ, იყო ეს კონცერტი, ვიდეომიმართვები თუ ა. შ.

პროვოკაციაზე ინფორმაციის ნამდვილობას და რეალურად სხვა მიზნის არსებობას, ვიდრე ეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაა, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ როგორც კი ბათუმის მერის მოადგილესა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია შედგა და მათ სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, მომენტალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი სამივე ტელევიზია საქმეში ჩაერთო და სკანდალის აგორება სცადეს, რაც, როგორც გამოჩნდა, ასევე წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი.

აქვე უნდა შევეხოთ პირადი მონაცემებისა და მიმოწერის გასაჯაროების საკითხს;

იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხით თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაინტერესდება.

რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების მოწყობის მცდელობას. გარწმუნებთ, ბათუმის მერია ჩვენს ქალაქში არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას, მით უფრო, ჩვენი მეგობარი უკრაინელების დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის საფარქვეშ!

მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი პროვოკაციისგან და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიების წარმოებისგან, რომელიც მათი მხრიდან ვითომდა უკრაინის მხარდაჭერისა და მათი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სურვილით იფუთება“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მოქალაქეებს ბათუმის მერიის კუთვნილ სცენაზე კონცერტის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ორგანიზატორების მტკიცებით, მათ მერიაში განუცხადეს, რომ ნებართვას იმ შემთხვევაში მისცემდნენ, თუ ისინი სცენაზე რუსეთს არ ახსენებდნენ.

ცოტა ხნის წინ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სოფო ხალვაშმა.

2 დღეა აქტიურად მიმდინარეობს ბინძური კამპანია.. თითქოს მე ხელს ვუშლი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ბათუმში – სოფო ხალვაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები