LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ჯაზფესტივალის ფერადი დახურვა Joss Stone-ის უნიკალური ხმის თანხლებით

176

30 ივლისს ბათუმის ჯაზფესტივალი Joss Stone-მა დახურა. მის გამოსვლას გამორჩეული ვოკალური მონაცემების გამო მუსიკის მოყვარულები განსაკუთრებით ელოდნენ. საქართველოში მის რამდენიმე კომპოზიციასთან ერთად, როგორებიცაა „Fell in love with a boy“, „You had me“, „Right to be wrong“, „Super-duper love“, მომღერლის მიერ საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულებული არაერთი მსოფლიო ჰიტი ახსოვს – ჯოს სტოუნს აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება, რომელიც მისი, როგორც მუსიკოსის საუკეთესო მუსიკალურ ინტუიციას უსვამს ხაზს, მას ათასგზის გადამღერებული სიმღერების სრულიად განსხვავებულად და თავისებურად შესრულება შეუძლია… ნინას სიმონეს „I put a spell on you“, დასტი სპრინგფილდის „Son of a preacher man“, ნეთ ქინგ ქოლის „L.O.V.E“ სხვადასხვა სცენაზე ისე გამორჩეულად წარმოადგინა, რომ თითოეული კომპოზიცია თავისად აქცია…

ბრიტანელი შემსრულებელი, კომპოზიტორი და მსახიობი Joss Stone პოპულარული 2003 წელს გახდა, როდესაც მისმა სადებიუტო ალბომმა უამრავი პრიზი მოუტანა, ჩარტების ლიდერი გახადა, მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მსოფლიოში 14 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, რაც მის კომერციულ წარმატებაზეც მიანიშნებს. ის 2000-იანი წლების ყველაზე რეიტინგული შემსრულებელია, გაყიდული დისკების მიხედვით და ასევე თავისი დროს ყველაზე კარგად გაყიდული არტისტია დიდ ბრიტანეთში. ხუთ „გრემიზე“ იყო წარდგენილი და მხოლოდ ერთი ჯილდო ხვდა წილად, თუმცა სხვა ბევრი პრეტიჟული პრიზი აქვს მიღებული.

საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ქართველ არტისტთან კოლაბორაცია მოისურვა. მან სალომე კორკოტაშვილი შეარჩია და მასთან ერთად მიისვე კომპოზიცია „გაივლის დრო“, ქართველი მუსიკოსების აკომპანემენტით, გონიოს ციხეში ჩაწერა და გადაიღო, ჯოსისა და სალიოს ერთობლივი ნამუშევარი მალე დაიდება ინტერნეტსივრცეში.

საკუთარ ბენდთან და ბექვოკალებთან ერთად ჩამოსული შემსრულებელი კონცერტზე მისულ მსმენელს ფერად ლამაზ კაბაში შემოსილი და ტრადიციისამებრ, ფეხშიშველი გამოეცხადა. მომღერალი სცენაზე ფეხსაცმელებს არ ცნობს, როგორც ჩანს, ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ჩვენც, რა თქმა უნდა, არ ვართ წინააღმდეგები – ასეთი ტალანტის მოსმენის ბედნიერება ხშირად ვერ გექნება მელომანს…

ჯოსი მაყურებელთან ურთიერთობას არა მხოლოდ ზუსტად გამოთლილი ბგერებით ახერხებს, არამედ საკუთარი გულღია ხასიათითაც. ერთადერთი, რაზეც გული დაგვწყვიტა, ის იყო, რომ მსოფლიო ჰიტებიდან მხოლოდ „I put a spell on you“ შეასრულა, დანარჩენი, ძირითადად, საკუთარი ჰიტები იმღერა ბექვოკალებთან სასიამოვნო ჰარმონიაში… თუმცა ერთ-ერთ მსმენელს ამ კონცერტზე ძალიან გაუმართლა – მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი დიდი ხანია, ჯოს სტოუნის შემოქმედების თაყვანისმცემელია, მისი თხოვნით, ბრიტანელმა შემსრულებელმა გამონაკლისის სახით, მხოლოდ ბექვოკალებთან ერთად თავისი სიმღერა „Spoiled“ ააჟღერა და უდიდესი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

კონცერტის ბოლოს ჯოსი ბისზე გამოვიდა და მზესუმზირების თაიგული გამოიტანა, რომელიც, სიყვარულის ნიშნად, მსმენელს ესროლა. ამ მომენტმა და შესრულებულმა ბოლო სიმღერამ ჯოსის ოდნავ ჩახლეჩილი ხმის ფონზე საოცარი განწყობა დაუტოვა შეკრებილებს.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ჯაზფესტივალიც, წინა წლების მსგავსად, „ისთერნ ფრმოუშენსთან“ ერთად „TBC Status“-მა წარმოადგინა. „ისთერნ ფრომოუშენსს“ უკვე დაწყებული აქვს თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამაზე მუშაობა, ვნახოთ, ვის კონცერტებს შემოგვთავაზებენ შემოდგომაზე თბილისში…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები