ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში, რომელიც მართვაში კომპანია ”მედ-ემერჯენსს” აქვს აღებული, რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წყაროს ინფორმაციით, გამოძიების დაწყების შემდეგ, საავადმყოფოს ორი თანამშრომელი სამსახურში არ გამოჩენილა, ხოლო საწყობში 6000 მდე ამპულაა გამქრალი.
კლინიკის ექიმებს მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურთ. როგორც ერთ-ერთმა თანამშრომელმა პირველ არხს განუცხადა, ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ქალია, რომელიც ექთნად მუშაობდა.
სამედიცინო დაწესებულების ადვოკატი პაატა ბოლქვაძე კი ამბობს, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებზე პასუხისმგებლობა კლინიკაში ერთ პირს აქვს დაკისრებული.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის ფაქტს უკვე იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორისდამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას.უწყების ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.