LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა

468
კლინიკა

ბათუმის კლინიკაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მცირეწლოვანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გალიდან 2 დღის წინ მშობლებმა თავდაპირველად ზუგდიდში გადაიყვანეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში მას პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა და დახმარება გაეწია.

ექიმების თქმით, ბავშვს პოლიორგანული უკმარისობა აღენიშნებოდა, გამოხატული იყო სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა.

გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდის არცერთ კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება არაა, მცირეწლოვანი ბათუმში გადაიყვანეს. კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში ის დაიღუპა.

ზუგდიდის კლინიკის ექიმი ამბობს, რომ მცირეწლოვანს კორონავირუსის ინფექცია არ დადასტურებია.

„ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მშობლების მიერ თვითდინებით შემოყვანილ იქნა 6 წლის ბავშვი , რომელსაც ჰქონდა ცხელების, სუნთქვის გაძნელების და ხველების რამდენიმედღიანი ანამნეზი.

ბავშვი შემოყვანისას მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობის მომენტები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, შესაბამისი პირველადი დახმარების შემდეგ ბავშვი გადაიგზავნა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მიერ სპეციალიზებულ კლინიკაში – ბათუმის დედათა და ბავშვთა სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში“, – ამბობს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი.

გარდაცვლილი 6 წლის ბავშვის ცხედარი უკვე გადაასვენეს საკუთარ სახლში, ოკუპირებულ აფხაზეთში.

ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო, რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ დაუდგენელია, რადგან ექსპერტიზის პასუხი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.