ბათუმის ძვირფასი ქვებისა და მინერალების მუზეუმში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. როგორც მუზეუმში აცხადებენ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ, მათ უკვე ოფიციალურად მიენიჭათ ”მუზეუმის” სტატუსი და აღნიშნული ღონისძიებაც სწორედ ამ ფაქტს მიეძღვნა.
”ჩვენი მუზეუმი დღეიდან ოფიცილურად ირიცხება საქართველოში არსებული მუზეუმების სიაში. დღეს გვესტუმრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. ამასთან, სოციალურად დაუცველი მოხუცთა თავშესაფრინდან მოვიწვიეთ ბენეფიციარები, რომლებსაც მცირედი საჩუქრები გადავეცით. უსაჩუქროდ არ დარჩენილან არც სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბათუმის 22-ე საჯარო სკოლიდან გვეწვივნენ”, – აცხადებენ ბათუმის ძვირფასი ქვებისა და მინერალების მუზეუმში.
შეგახსენებთ, ბათუმში, 14 მარტს დავით კაკაბაძის ქუჩა N46 -ში ძვირფასი ქვებისა და მინერალების მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი თურქმა დოქტორმა, ბილალ სემიჰ ბოზდემირიმ დაარსა და მის სახელს ატარებს. მუზეუმში წარმოდგენილია 150-ამდე მინერალი.
”ძვირფასი ქვები და მინერალები, რომლებიც ექსპონატების სახითაა განთავსებული ამ მუზეუმში, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდანაა წარმოდგენილი, დამუშავებულ და დაუმუშავებელ ფორმაში. წელიწადში არსებობს 12 თვე და 12 სხვადასხვა ჰოროსკოპის ადამიანი იბადება, რომლებიც სხვადასხვა ძვერფას ქვას უნდა ატარებდნენ, დადებითი ენერგიისა და ცხოვრებისეული თუ საქმიანი წარმატებისთვის, ასევე ავი თვალისგან დასაცავად”, -აცხადებენ ძვირფასი ქვებისა და მინერალების მუზეუმში.
მათივე ცნობით, მუზეუმში წარმოდგენილ თითოეულ ქვას მოყვება აღწერილობა, რომლის წაკითხვაც ვიზიტორებს 4 ენაზე შეუძლიათ, ეს ენებია: ქართული, რუსული, ინგლისური და თურქული.
”აღწერაში მოცემული დეტალური ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნიდან არის ეს კონკრეტული ქვა ჩამოტანილი, როგორია მისი პირვანდელი ფორმა და რა ქიმიური შემცველობისაა. ამასთან, ჩვენივე მუზუმში მომხმარებელს შეუძლია შეგვიკვეთოს სასურველი ქვისგან დამზადებული ნესბისმიერი ნივთი”, – განუმარტეს ”ფორტუნას” ბათუმის ძვირფასი ქვებისა და მინერალების მუზეუმში.
მუზეუმში შესვლა უფროსებისთვის 7 ლარი ღირს, 12 წლამდე ბავშვებისთვის-უფასოა, მოზარდებისთვის კი -3,50 ლარი ღირს.