გუშინ, ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და აჭარის შავიზღვისპირეთი ტურისტების მოლოდინშია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ მოლოდინები პოზიტიურია და მნიშვნელოვანია ტურისტების მიღება რეგულაციებს სრული დაცვით მოხდეს.
„მოლოდინები ძალიან პოზიტიური და მაღალი გვაქვს. იქედან გამომდინარე, თუ კი არსებულ ვითარებას დავაკვირდებით იგივე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან მიმართებაში, კვირაში 60-მდე რეისი სრულდება და მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან პირდაპირი წვდომა აქვს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი, რომელიც იმავდროულად ჩვენს მიზნობრივ ბაზრებს წარმოადგენს. გარდა ამისა, ამ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვეწევით. ასევე მნიშვნელოვანია შიდა ტურისტული ნაკადის წილიც.
თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვართ ძალიან ფრთხილები და თანმიმდევრულები იგივე ეპიდემიოლოგიური ვითარების დადებითობის შენარჩუნების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ სეზონზე ყველამ დაიცვას არსებული რეგულაციები და წესები, რომელიც ქვეყანას აქვს ტურისტებთან მიმართებაში. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ მარკეტინგული აქტივობების განხორციელების კუთხით, მეორეს მხრივ პოზიტიური მოლოდინები გაქვს, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს ტურისტული ნაკადები ქვეყანაში”, – აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ 2019 წლის მაჩვენებლებთან გათანაბრებას ქვეყანა 2023 წლისთვის მოახერხებს.